ქვიშხეთთან მხატვარი ბექარ ბანძელაძე და მისი 3 შვილი დაიღუპნენ

ქვიშხეთთან მხატვარი ბექარ ბანძელაძე და მისი 3 შვილი დაიღუპნენხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  დაღუპული ბავშვების დედის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა სამი არასრულწლოვანი და მათი მამა, ემიგრანტი ბექარ ბანძელაძე.

პროფესიით მხატვარი ბექარი წლების განმავლობაში ემიგრაციაში, ისრაელში იმყოფებოდა და სამშობლოში ახალი დაბრუნებული იყო, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა.

როგორც ოჯახის ახლობელი ლიზი მჟავანაძე გვიყვება, ის იყო უწყინარი ადამიანი, თავმდაბალი და მორიდებული, რომელიც მხოლოდ ოჯახისა და მეგობრობისთვის შრომობდა, თავისუფალ დროს კი მხატვრობას უთმობდა.

„ემიგრანტი ბაქარ ბანძელაძე, სულ რამდენიმე თვეა, ოცნებების განსახორციელებლად დაბრუნდა საქართველოში. ერთხელ მთხოვა, – დამეხმარე, ისრაელში ნახატების გამოფენაზე სადმე გამიყვანეო. ვერ მოვახერხე და ვერ გავახარე“, – ამბობს ლიზი მჟავანაძე.

ისრაელში მყოფი ქართველი ემიგრანტები უსამძიმრებენ დაღუპული ოჯახის ნათესავებსა და სრულიად საქართველოს.

ხაშური-ბორჯომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 1 ოჯახის 4 წევრი, მამა და 3 არასრულწლოვანი ბავშვი დაიღუპა.  დედის, დაახლოებით 40 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.  თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, რადგან, სატრანსპორტო საშუალება მაღალი სიჩქარით არ მოძრაობდა და გზაც არ  იყო მოყინული.

რეპორტიორი