ადვოკატი ღურწკაია – “ბექა კვიციანს ნოდარ ცეცხლაძე არ მოუკლავს, იარაღსა და მასრაზე მისი დნმ არ ამოსულა”

ადვოკატი ღურწკაია - "ბექა კვიციანს ნოდარ ცეცხლაძე არ მოუკლავს, იარაღსა და მასრაზე მისი დნმ არ ამოსულა"თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მეგობრის, ნოდარ ცეცხლაძის, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა კვიციანის ადვოკატი მუხრან ღურწკაია მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს.

როგორც დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმის შვილის ადვოკატი განმარტავს, ექსპერტიზის შედეგების თანახმად, მკვლელობის იარაღსა და მასრაზე ბექა კვიციანის დნმ არ ამოვიდა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბექა კვიციანი თავს დამნაშავედ არ სცნობს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში. დღეს ბრალდების და დაცვის მხარემ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები და განიხილება მისი დასაშვებობის საკითხი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბექა კვიციანის ბრალეულობა ვერ დასტურდება და წინასასამართლო სხდომაზე ბექა კვიციანის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საკითხს დავაყენებთ. ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, მოსულია ექსპერტიზის პასუხები და კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ ბექა კვიციანს კონკრეტულად ამ მკვლელობასთან არავითარი შემხებლობა არ ჰქონია.

მკვლელობის იარაღზე, მასრებზე ბექა კვიციანის დნმ არ აღმოჩნდა, ასევე სხვა ექსპერტიზის დასკვნებია დანიშნული სიგარეტის ნამწვთან დაკავშირებით, სადაც ასევე არ აღმოჩნდა მისი დნმ და შესაბამისად, დაცვის მხარე თვლის, რომ ამ მტკიცებულებებით მისი ბრალეულობა ვერ დასტურდება“, – განაცხადა ღურწკაიამ.

რაც შეეხება იმ ვიდეომასალას, სადაც ჩანს თუ როგორ მიაკითხა მოკლულს სამსახურში კვიაციანმა და სავარაუდოდ, ბოლო კომუნიკაციაც მას ჰქონდა, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს მკვლელობას არ ადასტურებს.

„მანქანის გადაადგილება ვიდეომასალაში ჩანს, მაგრამ ამ მანქანას ბექა კვიციანი მართავს თუ არა, ეს დადასტურებული არ არის. მანქანის გადაადგილება ბუნებრივია, მკვლელობას არ ნიშნავს, ეს არ არის ის უტყუარი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მის ბრალს დაადასტურებს. ბექა კვიციანი ამბობს, რომ მას ის ადამიანი არ მოუკლავს და არც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონია ამ დანაშაულთან.

ფსიქიატრიული ექსპერტიზა დანიშნულია, მაგრამ ჯერ პასუხი მოსული არ არის”, – განაცხადა ღუწკაიამ.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმიშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

მას ბრალი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

იპნ