დავით ჭიჭინაძე – ახლა ლარს ვეღარაფერი ვეღარ გაამყარებს

დავით ჭიჭინაძე  - ახლა ლარს ვეღარაფერი ვეღარ გაამყარებს“ახლა ლარს ვერაფრით ვერ გაამყარებს ე.წ. საბაზრო ნაბიჯები, რადგან სადაც ლარი მიემართებოდა, ყველაფერი გაჩერებულია და ლარს არ გააჩნია ის მოტივაცია, რომ იქცეს საქონლად”, – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ქვეყანაში დღეს შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას.

ჭიჭინაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ 60 მილიონი დოლარი ფაქტიურად, ჰაერში გაისროლა, რადგან ლარის კურსს ვერაფერი დაეტყო.

„ეკონომიკური გუნდის განცხადებები, არა მარტო არაფრის მთქმელია, არც ერთ განცხადებას არანაირი კავშირი არ აქვს იმ რეალურ სიტუაციასთან, რაც საქართველოში ვითარდება. ფაქტია, ქვეყანაში 60 მილიონი დოლარი გაიყიდა, მაგრამ აქიდან არც ლარის კურსს ეტყობა არაფერი, ვერც მოსახლეობა დამშვიდდა, რადგან დღეს საქართველოში ეკონომიკა სრულად გაჩერებულია და არაფერი არ იძლევა იმის იმედს, რომ ასეთი დარიგებული თანხები ეკონომიკისკენ იქნება მიმართული.

ხოლო თუ პროცესების შეჩერება გვინდა, ამ პროცესებს უნდა დავუპირისპიროთ მხოლოდ აქტიური ეკონომიკა, რადგან პასიური ეკონომიკის პირობებში, ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი აბსოლუტურად უარყოფითად იქნება აღქმული ჩვენი ეკონომიკის მიერ და შედეგიც შესაბამისად, მხოლოდ სპეკულაციური ექნება. ანუ, დღეს ლარს ვერაფერით ვერ გაამყარებს ე.წ. საბაზრო ნაბიჯები. სადაც ლარი მიემართებოდა, დღეს ყველაფერი გაჩერებულია და ლარს არ გააჩნია ის მოტივაცია, რომ იქცეს საქონლად.

ამიტომ, მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადმოვიღოთ დასავლეთის ის მართვის მეთოდები, რომელსაც მთელი დასავლეთი მიმართავს. რაც ნიშნავს იმას, რომ გადავიდეთ მართვად ეკონომიკაზე და არა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მეთოდებზე. მოკლედ, ვალდებულებებთან მიმართებაში ქვეყანაში თუ არ გამოცხადდა ფორს მაჟორი, ჩვენ სიტუაცია ნელ-ნელა გაგვექცევა ხელიდან და ის კომპანიებიც კი, რომლებიც დღეს კიდე არიან ბაზარზე დარჩენილები, უუნაროები გახდებიან.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო საერთაშორისო ორგანიზაცია IATA-ს რეკომენდაციებს, გადამზიდავებთან დაკავშირებით, რომელიც მოუწოდებს ცენტრალურ აღმოსავლეთ აზიას და შესაბამისად საქართველოს, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს საკუთარ ავიაკომპანიებს. მითუმეტეს, რომ ჩვენი ემიგრაციის ძალიან დიდი ნაწილი დღეს დარჩენილია ქართული ავიაკომპანიების იმედად. სახელმწიფომ კი, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი სწორედ ქართულ კომპანიებს, რომ მათ შეძლონ ჩვენი მოქალაქეების სახლში დაბრუნება. ამასთან, უნდა მოეწყოს უფრო მეტი საკარნტინო ზონა, რომ დაბრუნება უფრო უსაფრთხო იყოს,” – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.