“გადაავადეთ გადასახადები!” – რუსთავში სოკარის ოფისთან აქცია გაიმართა

"გადაავადეთ გადასახადები!" - რუსთავში სოკარის ოფისთან აქცია გაიმართაკომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის” რუსთავის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების მთავარი მოთხოვნა, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, რუსთაველებისთვის ბუნებრივი აირის გადასახადის გადავადება იყო.

სამოქალაქო აქტივისტის, გივი შანიძის განცხადებით, კომპანია გადაუხდელობის გამო რუსთაველ აბონენტებს გაზმომარაგებას უწყვეტს.

“ადამიანები იცავენ თვითიზოლაციის წესებს და როგორ უნდა მოახერხო ფულის შოვნა, რომ თან გადასახადები გადაიხადო და თან იზოლაციის წესები დაიცვა. მოვედით კომპანიაში, გავესაუბრეთ თანამშრომელს და ვკითხეთ, საგანგებო მდგომარეობის დროს აქვთ თუ არა შესაბამისი სამოქმედო გეგმა და განგვიცხადეს, რომ არანაირი სამოქმედო გეგმა არ გააჩნიათ. ჩვენი მოთხოვნაა, სანამ ასეთი ვითარებაა სახელმწიფოში, გადაავადოს სოკარ ჯორჯია გაზმა ეს გადასახადები”, – განაცხადა გივი შანიძემ.

“ინფო რუსთავმა” რუსთაველი აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ჩაჭრის ფაქტი რამდენიმე დღის წინ გააშუქა. საინფორმაციო სააგენტო “სოკარ ჯორჯია გაზს” დაუკავშირდა კითხვით, შეეძლო თუ არა კომპანიას ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, როცა სახელმწიფო ხაზს უსვამს კერძო სექტორის თანადგომის აუცილებლობას, თავი შეეკავებინა აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტისაგან.

კომპანიაში აცხადებენ, რომ: “არ გამოცემულა სახელმწიფოს მხრიდან არანაირი რეგულაცია იმის შესახებ, რომ რაიმე სახის კომუნალური გადასახადისგან მოსახლეობა თავისუფლდება. აქედან გამომდინარე, ჩვეულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა”.

ინფორუსთავი