რატომ დახურა “სუფთა სახლი” მთავრობამ – “გვაქვს იმ პროდუქციის საკმარისი მარაგები, რომელზეც ახლა მაღალი მოთხოვნაა”

რატომ დახურა "სუფთა სახლი" მთავრობამ - "გვაქვს იმ პროდუქციის საკმარისი მარაგები, რომელზეც ახლა მაღალი მოთხოვნაა"მაღაზიათა ქსელ „სუფთა სახლში“ დახურვის მიზეზთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ და აცხადებენ, რომ მიზეზი მთავრობის დადგენილებაა და „სუფთა სახლი“ იმ კომპანიებს შორის ვერ მოხვდა, რომლებსაც მთავრობის დადგენილებით საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სუფთა სახლის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანი ნადირაშვილმა განუცხადა, 10 აპრილიდან მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ მთელი საქართველოს მასშტაბით დაიხურა. მისივე განცხადებით, „სუფთა სახლი“ 10 აპრილამდე მუშაობას აგრძელებდა, ვინაიდან მთავრობის ცხელ ხაზზე-144, კომპანიას განუცხადეს, რომ ჰქონდა ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ამასთან, პერიოდულად ხდებოდა კომპანის მიერ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების გადამოწმება და არც ერთ შემთხვევაში კომპანიაში რეკომენდაციებთან შეუსაბამობა არ აღმოჩენილა, თუმცა გუშინ კომპანიას შემოსავლების სამსახურიდან მიუვიდა ოფიციალური შეტყობინება, რომ „სუფთა სახლს” საქმიანობის გაგრძელების უფლება არ ჰქონდა, რის შემდეგაც ყველა ფილიალი დაიხურა.

„მუდმივად გვამოწმებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი რიგზეა. მთავრობის ცხელ ხაზზე ონლაინ კონსულტაციის დროს გვითხრეს, რომ „სუფთა სახლი“ სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიაა და უნდა გააგრძელოს მუშაობა. ვიცავდით ყველა რეკომენდაციას, ფილიალში არ ვუშვებდით ორ მომხმარებელზე მეტს, დაცული იყო თანამშრომლების უსაფრთხოება. აღსანიშნავია ისიც, რომ „სუფთა სახლი“ არის კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასად, სახლებთან ახლოს აწვდიდა იმ პროდუქციას, რომელიც საჭიროა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის და ასევე ჩვენი მაღაზიების მეშვეობით თავიდან ვაცილებდით დიდ რიგებს ჰიპერმარკეტებს. გვაქვს იმ პროდუქციის საკმარისი მარაგები, რომელზეც ახლა მაღალი მოთხოვნაა. ეს გაუგებრობაა და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე შევძლებთ კვლავ მუშაობის გაგრძელებას და მომხმარებლებისთვის, რომლებიც შეშფოთებულები არიან „სუფთა სახლის“ დახურვით, საჭირო პროდუქციის მიწოდებას“,- აღნიშნა „სუფთა სახლის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

ანი ნადირაშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც „სუფთა სახლი ” ვერ მოხვდა ნებადართულ კომპანიათა სიაში, მაშინვე გაგზავნა მოთხოვნა საქმიანობის გაგრძელების შესახებ ეკონომიკის სამინისტროში და ეს ეხება როგორც ფილიალების მუშაობას, ასევე ე.წ. დელივერის სერვისის მიმართულებას, თუმცა ჯერჯერობით უწყებიდან „სუფთა სახლს” თანხმობა მიღებული არ აქვს. მისივე თქმით, „სუფთა სახლი” მუშაობას შესაბამისი ნებართვის მიღებისთანავე განაახლებს.