სუპერმარკეტების ქსელმა “სპარმა” საყოველთაო კარანტინის დროს სამუშაო საათები გაზარდა. კომპანია კომენდანტის საათის დროს, 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე, თანამშრომლებს მაღაზიებში ტოვებს და კვირის განმავლობაში 45 საათის ნაცვლად 60 საათს ამუშავებს.
კომპანიის ამ გადაწყვეტილებას მომხმარებელთა დიდი ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
“სპარის” დირექტორმა კი სოციალურ ქსელში საპასუხო განცხადება გაავრცელა. მირანდა მანჯგალაძის მტკიცებით, კომენდანტის საათმა დააყენა კომპანია საშიშროების წინაშე, რომ 700-ზე მეტ თანამშრომელს, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობდნენ, სამსახური დაეკარგა.
მისი თქმით, მაღაზიებში თანამშრომლების დატოვებით ყველა მათგანს სამუშაო შეუნარჩუნდა.
“სპარის” თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი უფლებები ირღვევა, თუმცა, მათი თქმით, ეს სამსახურია და დათმობებზე წასვლა უწევთ.
“როცა იკეტება მაღაზია, ვრჩებით და კომენდანტის საათის მერეც აქ ვართ. ჩვენი უფლებები ირღვევა, მაგრამ სამსახური ეგეთია. საღამოს მოვდივართ, ვრჩებით და დილით ვიცვლებით. მერე ისევ მოვდივართ….ღამით აქ, მაღაზიაში ვიძინებთ, საწყობში ვიძინებთ…” – აცხადებენ “სპარის” თანამშრომლები.
ნიუპოსტი

