ვინ მიიღებს ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დახმარებას

ვინ მიიღებს ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დახმარებასჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია განმარტავს, თუ რა კატეგორიის მოქალაქეები მიიღებენ ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დახმარებას.

როგორც ბარკალაიამ COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, საშუალოდ ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახზე ექვსი თვის განმავლობაში 600 ლარია გამოყოფილი.

ბარკალაიას თქმით, აღნიშნულ პირებს დახმარების მისაღებად დამატებითი საბუთების წარდგენა არ დასჭირდებათ.

„დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ადამიანები და ის ადამიანები, რომელთაც ქულა აქვთ 65 ათასიდან 100 ათასის ჩათვლით. ასეთი ოჯახები ჯერჯერობით იღებენ მხოლოდ 50 ლარიან დანამატს. თუმცა ამ მოკლევადიან ჭრილში 6 თვის განმავლობაში, მიიღებენ დახმარებას აღნიშნული ოჯახებიც. ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებიც მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან.

სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი და მათი ქულა არის 100 ათასი, ან ნაკლები, ისინიც მიიღებენ დახმარებას.

დაქირავებული პირები, რომლებსაც შეუწყდათ ხელფასი და არიან უხელფასო შევებულებაში ან გათავისუფლებულები არიან სამსახურიდან ასევე, არიან ჩვენი პოტენციური ბენეფიციარები. ასევე, თვითდასაქმებულებიც მიიღებენ დახმარებას.

ამ ეტაპზე 70 ათასი ოჯახი ანუ 190 ათასი პირია, რომელთაც ქულა აქვთ მინიჭებული 65 ათასიდან 100 ათასის ჩათვლით და ისინი არ არიან სოციალური დახმარების მიმღებები, რადგან ასეთი პირები არიან მხოლოდ 65 ათასამდე ქულის მქონე ადამიანები. შესაბამისად, 6 თვის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ოჯახები მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებებს. 1 სულიან ოჯახზე 70 ლარის ოდენობით, ორსულიანზე – 90 ლარის ოდენობით, სამსულიანზე – 105 და მიდის ზრდა და 6 თვის განმალობაში საშუალოდ 600 ლარი თითოეულ ოჯახზე იქნება გამოყოფილი. ამ ბენეფიციარებს დამატებითი საბუთების წარდგენა არ სჭირდებათ. აღნიშნული დანამატი დაერიცხებათ იმ სოციალურ დახმარებასთან ერთად, რომელსაც იღებენ“,- განაცხადა ბარკალაიამ.

მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც 3 შვილზე მეტი ჰყავთ 6 თვის განმავლობაში თვეში 100 ლარს მიიღებენ.

„ასევე, დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, ვისაც 100 ათასი ქულა და ნაკლები აქვს, რომელთაც ჰყავთ 3 და მეტი ბავშვი. ასეთი ოჯახი იდენტფიცირებულია 21 ათასი და აღნიშნულ ოჯახებსაც არანაირი დამატებითი საბუთების წარდგენა არ დასჭირდებათ და ავტომატურად მიიღებენ დახმარებებს 6 თვის განმავლობაში, თვეში 100 ლარს.

ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ბავშვები, სულ დაიდენტიფიცირებულია დაახლოებით 40 ათასი პირი. მათაც არ დასჭირებათ დამატებითი საბუთი, მათ დაემატებათ 100 ლარი, 6 თვის განმავლობაში“,- განაცხადა ბარკალაიამ.