18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება – იქნება ელექტრონული რიგი, სოციალური დისტანცია და ნაკლები ადამიანი

18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება - იქნება ელექტრონული რიგი, სოციალური დისტანცია და ნაკლები ადამიანიპრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება. ამის შესახებ გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ გარკვეული ეტაპები დაჩქარდეს.

„ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური ცენტრები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სილამაზის სალონებში, რომელიც 18 მაისიდან გაიხსნება, იქნება ელექტრონული რიგი, სოციალური დისტანცია და ნაკლები ადამიანი. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, სილამაზის სალონებში სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები იქნება, რასაც თავად ეს ბიზნესი პასუხისმგებლობით მოეკიდა.

„სილამაზის სალონები, რომელიც არის ძალიან დიდი სეგმენტი მცირე ბიზნესის, ინდმეწარმეებისა და მიკრომეწარმეების, ასაქმებს ბევრ ადამიანს და საკმაოდ დიდი მოთხოვნაც არსებობს ამ სერვისებზე, იყო ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას მკაცრი სტანდარტების დაცვით 18 მაისიდან მოხდეს სილამაზის სალონების აღდგენა.

მე და ჩემს კოლეგებსაც მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბევრ ბიზნესთან და მათ შორის სილამაზის სალონებთან, იქ დასაქმებულ ადამიანებთან, ვიცი, რომ ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც იქნება დაწესებული. ეს უკვე იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები, ნაკლები ადამიანი იქნება, ელექტრონული რიგი იქნება, სოციალური დისტანცია იქნება დაცული და ჩვენც ასევე პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, როგორც მომხმარებლები.

ვფიქრობ, ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც წაადგება აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს“, – განაცხადა თურნავამ.

იპნ