ეკა მიქავას თვითმკვლელობისთვის დაკავებულ მის ქმარს, ბაკურ სორდიას, მუხლი შეუცვალეს და 3 წელი მიუსაჯეს

ეკა მიქავას თვითმკვლელობისთვის დაკავებულ მის ქმარს, ბაკურ სორდიას, მუხლი შეუცვალეს და 3 წელი მიუსაჯესზუგდიდში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ბაკურ სორდიას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

როგორც “კურიერს” ორგანიზაცია “საფარის” იურისტმა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატმა ელისო რუხაძემ უთხრა, მოსამართლემ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი გადააკვალიფიცირა და ბრალდებულს ოჯახში ძალადობის მუხლის შესაბამისად სასჯელის მაქსიმალური ზომა – სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“გუშინდელ პროცესამდე ბრალდებულმა უდაოდ გახადა ყველა მტკიცებულება, თუმცა ბოლო პროცესზე მან თქვა, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას, რომ გასაჩივრდეს გადაწყვეტილება, რადგან ვფიქრობთ, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახურ ძალადობასთან ერთად, სისტემური პატივისა და ღირსების დამცირებით, ბაკურ სორდიამ თვითმკვლელობამდე მიიყვანა ეკა მიქავა.

პროცესზე ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ ის მის შვილებს დეტალურად უყვება სასამართლოს დეტალებზე, რაც ვფიქრობთ, ამ ძალადობის გაგრძელებაა,” – ამბობს ადვოკატი ელისო რუხაძე.

2019 წლის 28 დეკემბერს სოფელ შამგონაში, ეკა მიქავა მეზობლის ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მომხდარიდან მეორე დღეს პოლიციამ მისი მეუღლე დააკავა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 126-ე ძალადობის მუხლებით დაიწყო.

რუსთავი 2