კალაძე – “თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივნისის დასაწყისში აღდგება”

კალაძე - "თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივნისის დასაწყისში აღდგება"დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში აღდგება – ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

მერის თქმითვე, ტრანსპორტის ამუშავებისთვის მერიაში სრული მზადყოფნაა, თუმცა ეპიდემიოლოგებისა და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს ელოდებიან.

“სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა. ჩვენ დაახლოებით 700-მდე ავტობუსი გვყავს, აქედან 500 ნორმალური ცხოვრების პირობებში ემსახურება ქალაქის მოსახლეობას. ამ შემთხვევაში დაემატება ის სათადარიგო ავტობუსები, თუ ამის საჭიროება იქება და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას. ზუსტად იმ ქვეყნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყო გაჩერებული და არ მიიღეს ის ზომები, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო, შედეგებიც ვნახეთ, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ეს ქვეყნები. საქართველოს მოდელი არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. მხედველობაში მაქვს ის გადაწყვეტილებები, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა. ზუსტად ამის გამო, ჩვენ ავირიდეთ ყველაზე დიდი საფრთხე – ადამიანების სიკვდილიანობა, რაც სამწუხაროდ, განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში იყო ძალიან მძიმე შედეგი ამ მიმართულებით,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი დეტალი ან თარიღი კახა კალაძემ ამ ეტაპზე არ დააზუსტა, თუმცა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით სავარაუდო დროდ მაისის ბოლო ან ივნისის დასაწყისი დღეს უკვე რამდენჯერმე დასახელდა.

იპნ