მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზურაბ მამადაშვილი დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში, ზურაბ მამადაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ოლეგ მამადაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, გულმკერდის არეში დანით მიაყენა ჭრილობა, მიყენებული დაზიანების შედეგად ოლეგ მამადაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ზურაბ მამადაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ზურაბ მამადაშვილი 2019 წლის 9 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ მამადაშვილი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
თიანეთში ოლეგ მამადაშვილის მკვლელობისთვის ზურა მამადაშვილი დააკავეს

