საქართველოში რესტორნების 50% ისევ დაკეტილია – ვინც გაიხსნა, დატვირთვა 70%-ით შეუმცირდა

საქართველოში რესტორნების 50% ისევ დაკეტილია - ვინც გაიხსნა, დატვირთვა 70%-ით შეუმცირდარესტორნების 50%-ზე მეტი ისევ დაკეტილია. ამის შესახებ კომპანია „კულინარიული და ღვინის ექსპედიციის“ დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ობიექტების ნაწილი გაიხსნა, თუმცა მომხმარებლის ნაკლებობის და რეგულაციების გამო, ისევ დაიხურა.

როგორც ქეთი კვიჭიძე ამბობს, ახლა რესტორნები გადარჩენისთვის ბრძოლაზე არიან გადასული, რის გამოც, მაღალ სეგმენტზე მომუშავე ობიექტები, საშუალოზე ორიენტირებასაც კი ცდილობენ. კერძოდ, ერთ-ერთ საკმაოდ ძვირადღირებულ რესტორანში ბურგერების და ხაჭაპურის ცხობაზეც კი გადავიდნენ.

„ბევრი რესტორანი გაიხსნა და ისევ დაიხურა. ამ დროისთვის დაახლოებით, 50%-ზე ნაკლებია გახსნილი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო რეგულაციები, შიში აქვთ, რომ არ დაჯარიმდნენ და მეორე, მომხმარებელი არ ჰყავთ. ახლახანს ვესაუბრე ძალიან დიდი ქსელს, სადაც მითხრეს, რომ საერთოდ არ ჰქონდათ მუშაობა. ისინი ყველა მოთხოვნას აბსოლუტურად აკმაყოფილებდნენ, დიდი პერსონალი ჰყავთ, მაგრამ ძირითადად მუშაობდნენ ტურიზმზე. ვინც ვიზიტორებზე იყო აწყობილი, ისინი განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან.

დაახლოებით ციფრებში რომ გითხრათ, შარშან ტურიზმის მიმართულებით ბრუნვა იყო 7 მლრდ (გასული იყო 2 მლრდ), აქედან 36% მოდიოდა კვებაზე. თუ უცხოელი ტურისტები არ გვეყოლება, ჩემი გამოთვლებით, შიდა ტურიზმით, წელს 7 მლნ-ზე ჩამოვალთ. მარტივად რომ ვთქვათ, დაახლოებით, 2009 წლის მაჩვენებელზე ვართ დასული, როდესაც ტურიზმი არ იყო ასეთი განვითარებული და მხოლოდ შიდა ბაზარზე ვიყავით დამოკიდებული. ახლა ისე მოხდა, რომ კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ახლახანს ვიყავი კახეთში, სადაც შაბათ-კვირას შედარებით დატვირთვა იყო. როგორც ჩანს, ესეც სეგმენტურია, ვისაც შემოსავალი აქვს, ისინი სარგებლობენ რესტორნებით“,-ამბობს კეთი კვიჭიძე.

მისი თქმით, საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში, რესტორნების დატვირთვა 70%-ით შემცირდა, რის გამოც, შემოდგომაზე ბაზრის გადაწყობას, კერძოდ, ობიექტების ნაწილის ბაზრიდან გასვლას უნდა ველოდოთ.

„საქართველოში ტურისტების ყველაზე დიდი წილი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოდიოდა. სწორედ იქიდან, რომელიც ყველაზე განადგურებულია პანდემიური ვითარებით და საერთოდ არ ვიცით, როდის მოვლენ აზრზე. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ევროპელი ტურისტები ჩამოდიანო, ჩვენთვის მთავარი ბაზარი ეს ქვეყნები იყვნენ. ამასთან, როგორც ვიცი, თვითონ ევროპამ საკუთარ მოქალაქეებს მხოლოდ ევროზონის ქვეყნებში სიარულის რეკომენდაციები მისცა.

ამ მხრივ ევროპაშიც ძალიან რთული ვითარებაა. ესპანეთში და საფრანგეთში ვესაუბრე და იქაც რესტორნების 30% საერთოდ არ გახნილა რეგულაციების გამო. რომელიც გაიხსნა, 70%-ით შემცირდა დატვირთვა. საქართველოში რესტორნებისც დატვირთვა დაახლოებით ამდენითვე შემცირდა. მუშაობენ მხოლოდ ის ობიექტები, ვინც შიდა ტურიზმზე იყო დამოკიდებული და ისიც მაღალ სეგმენტზე.

თუ ასეთი ვითარება გაგრძელდა, ბაზრიდან ძალიან ბევრი რესტორანი გავა და უკვე სექტემბერში მოხდება გადანაწილება. ანუ, ვინ დაიხურება საბოლოოდ და ვინ დარჩება. რესტორატორებს საუბარიც გვქონდა ამაზე და მოლოდინი გვაქვს, რომ ოქტომბრიდან სხვანაირად აწყობილი ახალი ობიექტები გამოჩნდება. თუ აქამდე მოთხოვნა იყო მაღალ სეგმენტზე, ახლა უკვე საშუალოზე დაბალი ფასებით შემოვლენ. მოფლიოში ისეთ რესტორნებიც კი რომელთაც მიშლენის ვარსკვლავი აქვთ, გადაეწყვნენ ბურგერის კეთებაზე. საქართველოშიც მოხდა იგივე, ერთ-ერთი ობიექტში, რომელიც საკმაოდ მაღალ სეგმენტზე მუშაობდა, ბურგერის და ხაჭაპურის გამოცხობა დაიწყეს. ახლა ერთადერთი არის გადარჩენისთვის ბრძოლა, რომ სექტემბრამდე როგორღაც გაძლო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ გაიზარდოს ფასები, თუმცა ზოგმა არასწორი გზა აირჩია და პირიქით, გააძვირა, რაც ბიზნესზე აუცილებლად ცუდად აისახება.

კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია ის, ვისაც იჯარა აქვს, რადგან ამ საკითხზე კომუნიკაცია ძალიან რთულია. სამწუხაროდ, მეიჯარეები ვერ აცნობიერებენ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება საერთოდ შემოსავლის გარეშე დარჩნენ თვითონაც და ჩვენც ასე დაგვტოვონ“,-ამბობს ქეთი კვიჭიძე.

ბიპიენი