შავი ტოიოტა დაზიანებულია – მასში მჯდომ მორაგბეებს გუკა ამირხანაშვილი ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას აბრალებს

შავი ტოიოტა დაზიანებულია - მასში მჯდომ მორაგბეებს გუკა ამირხანაშვილი ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას აბრალებსფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოსაკითხი მორაგბეების ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, შავი ფერის ავტომანქანას – „ტოიოტა ქამრის“ დაზიანებები, მათ შორის, ფარი ჩატეხილი ინციდენტამდე ჰქონდა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კობაიძე აცხადებს, ავტომანქანას ექსპერტიზა ჩაუტარდა, ასევე დათვალიერდა შემთხვევის ადგილიც.

„თუ რატომ აქვს ავტომანქანას დაზიანებები, ეს კითხვა საგამოძიებო ორგანოსაც აქვს. თუმცა, აღნიშნულ მანქანას სხვადასხვა დაზიანებები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დაზიანებები იმდროინდელი არ არის, როცა ინციდენტი მოხდა. ამ მანქანას დაზიანებები მანამდეც ჰქონდა, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა. ფარიც აქვს ჩატეხილი და თუ დავაკვირდებით, სხვადასხვა ადგილას შეღუნულებიც არის, ჩემი შეფასებით, აშკარად ეტყობა, რომ ეს ძველი კვალია და ახალი არ არის. არანაირი ალიბი არ გვაქვს, მაგრამ ავტომანქანას ექსპერტიზა ჩაუტარდა, ასევე დაათვალიერეს შემთხვევის ადგილიც და ნახავენ ყველაფერს“, – განაცხადა კობაიძემ.

აღნიშნული პირები საგამოძიებო ორგანოში ხელმეორედ დღეს, 11:00 საათზე არიან დაბარებულები. ისინი მცხეთის პოლიციის შენობაში გუშინაც იმყოფებოდნენ, თუმცა, მათი გამოკითხვა ვერ მოესწრო. მათი გამოკითხვა იმიტომ გადაწყდა, რომ გუკა ამირხანაშვილი, რომელიც მათ მანქანაში ჩაისვეს, მათ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას აბრალებს.

გუკა ამირხანაშვილი გამოძიების ოქროს მოქმეა. გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ცოცხალი მან ნახა.

შეგახსენებთ, რომ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 22 ივნისს იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.