ლერი სულაბერიძეზე თავდასხმისთვის ირაკლი ღლონტი დააკავეს – ვიდეო

ლერი სულაბერიძეზე თავდასხმისთვის ირაკლი ღლონტი დააკავეს - ვიდეოწყნეთში ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის გამო პოლიციამ ირაკლი ღლონტი დააკავა.

ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.ღ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2020 წლის 28 ივლისს, ავტომობილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა სხვა ავტომობილის მიმართულებით, რომელსაც 1968 წელს დაბადებული ლ.ს. მართავდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.”

ირაკლი ღლონტი ვაკის პოლიციის პირველი განყოფილებიდან, წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს.

ის წარსულში ნასამართლევია.

დაკავების დროს “კურიერმა” შეძლო ბრალდებულთან გასაუბრება.

ირაკლი ღლონტის მამის თქმით, მის შვილს ლერი სულაბერიძესთან კავშირის შესახებ სახლში არაფერი უთქვამს.

დაკავებული ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ღლონტი დუმილის უფლებას იყენებს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის დაკავებული. დაკავებული ავტომატურად ითვლება ბრალდებულად, ხოლო რა ქმედებისთვის მოხდება ბრალის წაყენება, ეს დაკავებიდან 48 საათში გაირკვევა, როდესაც ჩაგვბარდება დადგენილება სისხლის სამართლის დაწყების თაობაზე. დაკავების შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას,”- აცხადებს ადვოკატი კახა წერეთელი.