მოკლული პოლიციელის, დავით სვიანაძის მეზობლების განცხადებით, თურქეთის მოქალაქე, რომელიც შსს-მ პოლიციელის მკვლელობისთვის დააკავა, გორში, კომბინატის დასახლებაში არსებულ ქაღალდის საამქროში მუშაობდა.
“ნიუპოსტის” ცნობით, ,,ჯეო სოლუშენ” – ასე ჰქვია კომპანიას, რომელსაც თურქი მეწილე ჰყავს და 30 წლის მამაკაცი, სამუშაოდ სწორედ მას ჰყავდა ჩამოყვანილი. რა პოზიციაზე მუშაობდა პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, უცნობია, ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული და ჟურნალისტებს კომპანიაში შესვლის საშუალება არ მიეცათ.
,,არავინ არ არის საამქროში, მხოლოდ დაცვის თანამშრომლები ვართ. შესაძლოა, იმიტომ არ მუშაობენ, რომ დაკითხვაზე უნდა წავიდნენ. ჩვენი რომელი თანამშრომელია დაკავებული, არ ვიცით, აქ თურქები მუშაობენ და გორში, სხვადასხვა ბინებში ქირით ცხოვრობენ. საწარმოს მეპატრონეც თურქია”, – თქვა დაცვის თანამშრომელმა.
ნიუპოსტი

