“ცოლს და შვილებს პისტოლეტით მოკვლით დაემუქრა” – პოლიციამ “ოცნების” დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი დააკავა

"ცოლს და შვილებს პისტოლეტით მოკვლით დაემუქრა" - პოლიციამ "ოცნების" დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი დააკავათელავის საკრებულოს დეპუტატის მიხეილ გრემელაშვილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველები მუშაობდნენ. შესაბამისი ღონისძიების დროს ადგილზე მივიდა თავად დეპუტატი. როგორც გრემელაშვილი აცხადებდა, მის წინააღმდეგ ოპოზიციური ძალების მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.

თელავის საკრებულოს დეპუტატი და მისი დედა სამართალდამცველებმა საგამოძიებო ორგანოში გადაიყვანეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

თელავის საკრებულოს დეპუტატ მიხეილ გრემელაშვილით სამართალდამცველები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მისივე ახლობელმა, სოციალურ ქსელში სტატუსი განათავსა, სადაც მიხეილ გრემელაშვილის მიერ საკუთარი შვილების მიმართ ძალადობის თაობაზეა საუბარი.

ცოტა ხნის წინ პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თელავის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი დააკავა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მ. გ. ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იპნ

"ცოლს და შვილებს პისტოლეტით მოკვლით დაემუქრა" - პოლიციამ "ოცნების" დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი დააკავა