„თავის ფეხით ჩაბარდა, კაცი შემომაკვდა და მიშველეთო” – ამბროლაურში მკვლელობის ახალი დეტალები

„თავის ფეხით ჩაბარდა, კაცი შემომაკვდა და მიშველეთო" - ამბროლაურში მკვლელობის ახალი დეტალებიამბროლაურში ლასო აბუთიძის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი ბიჭი გარდაცვლილის მეგობარი იყო.

„მთავარის“ ინფორმაციით, დაკავებულისა და ლასო აბუთიძის ოჯახს დიდხნიანი და კარგი ნაცნობობა აქვს.

„თავის ფეხით ჩაბარდა, კაცი შემომაკვდა და მიშველეთო. დაულევიათ, არაფერი ვიცი, მხოლოდ ის, რომ ეს უბედურება ჩაიდინეს. 8 შვილის მამა დამღუპეს, ამომაგდო… მეტი რა უნდა ვთქვა. მეგობარი არაფერ შუაში არის, პირიქით, მაჩერებდაო – ასე უთქვამს“, – ამბობს ბრალდებულის მამა.

დედის ინფორმაციით კი, მისი შვილი და მკვლელობაში ბრალდებული მეორე ბიჭი ჯარის მეგობრები იყვნენ.

„მეორე ბიჭი ჩემი შვილის ჯარის ძმაკაცი იყო. ჩამოიყვანა, ერთად ვიმუშაოთო. ვერ გეტყვით, ეს რატომ მოუვიდა. ვერ აღვწერ ჩემი შვილის ამბავს“, – ამბობს დაკავებულის დედა.

შეგახსენებთ, მკვლელობა 22 აგვისტოს მოხდა. გარდაცვლილი 29 წლის ლასო აბუთიძეა, რომელიც სახლთან ახლოს გაგუდული იპოვეს.