დიდი ძარცვა ქუთაისში – ინტელექსპრესიდან 300.000 ლარი წაიღეს

დიდი ძარცვა ქუთაისში - ინტელექსპრესიდან 300.000 ლარი წაიღესქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ინტელექსპრესიდან” ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები წაიღეს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელი პირები მიკროსაფინანსოში მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფიდან მოხვდნენ.

“სარდაფის ჭერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის იატაკი საერთოა. როგორც ამბობენ, გამოტეხეს ჭერი და ასე მოხვდნენ შენობაში”, – ამბობს კორპუსის მაცხოვრებელი.
შსს მომხდარს ადასტურებს და ამბობს, რომ დამნაშავეების დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მომხდარის შესახებ „ინტელექსპრესმა“ განცხადება გააკეთა.

კომპანიის ინფორმაციით, მიყენებული ზარალი შეადგენს სხვადასხვა ვალუტაში ჯამში 300.000 ლარამდე.

„19 სექტემბერს, გამთენიისას, 04:06 წუთზე, ქ. ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ინტელექსპრესის“ ფილიალში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საფინანსო დაწესებულების უსაფრთხოების პირობებს და გააჩნია საბანკო მოთხოვნების დაცვით ფულის საცავი, აღჭურვილია სიგნალიზაციის ყველა თანამედროვე საშუალებით და რომლის უსაფრთხოებასა და დაცვაზე კონტრაქტი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთანაა გაფორმებული, განგაშის სიგნალი ჩაირთო.

9 წუთში, ობიექტთან გამოცხადდა დაცვის პოლიციის 2 თანამშრომელი. მათ დააფიქსირეს, რომ განგაში მოდიოდა საცავიდან, შევიდნენ შენობაში, მაგრამ მხოლოდ გარედან დაათვალიერეს საცავის კარი, კედლები და ჩათვალეს, რომ იყო მცდარი განგაში. გაჩერდნენ დაახლოებით 6-7 წუთის განმავლობაში და დატოვეს ობიექტი ისე, რომ, მიუხედავად მათი ვალდებულებისა, არ გამოიძახეს ფილიალის მმართველი და არ მოითხოვეს საცავის გახსნა, ანუ არ დაათვალიერეს ადგილი, საიდანაც მოდიოდა განგაშის სიგნალი.

დაცვის პოლიციამ ასევე არ მოახდინა საცავის გარე მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, რის შედეგადაც, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, დამნაშავეებს მიეცათ საშუალება რამდენიმე საათი ემუშავათ საცავში.

დილის 9:00 საათზე შესულ თანამშრომელს დახვდა შემდეგი სურათი: საცავის 40-50 სანტიმეტრი სისქის ბეტონის იატაკში ამოჭრილი იყო 60X60 სანტიმეტრის ხვრელი, ხოლო რკინის სეიფი, სადაც თანხა ინახებოდა, იყო გაჭრილი და თანხა კი წაღებული.

მიყენებული ზარალი შეადგენს სხვადასხვა ვალუტაში ჯამში 300.000 ლარამდე. მომხდარის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა პოლიციას და კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

აღნიშნულმა ფილიალმა საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ, მეორე დღესვე, გააგრძელა სრულფასოვანი მუშაობა. პარალელურად კი ქალაქ ქუთაისში სხვა, ორი სერვის ცენტრი შეუფერხებლად ფუნქციონირებდა.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩადენილ იქნა კარგად ორგანიზებული ძარცვა, რომლის აღკვეთა ხელეწიფებოდა დაცვის პოლიციას და რბილად რომ ვთქვათ, მათი გულგრილი დამოკიდებულებით მოხდა მძიმე დანაშაული, რომლის ჩადენამ ინტელექსპრესს მნიშვნელოვანი ზიანი ვერ მიაყენა, თუმცა მსგავსი ძარცვა თავისი შინაარსით ბოლო პერიოდში ფინანსურ დაწესებულებებში არ მომხდარა.“ – ნათქვამია განცხადებაში.