პროკურატურის განცხადებით, გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლევან ლომიძე დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 იანვარს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ლევან ლომიძემ გენდერის ნიშნით, ყოფილ მეუღლეს ბეტა ნაჭყებიას, რომელსაც ეძინა, ნაჯახით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ლ.ლ. იმავე დღეს ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”, “დ” პრიმა და “ვ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით) წარედგინა. სასამართლომ ლ.ლ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით 16 წლით პატიმრობა შეუფარდა.

