ნიკოლოზ მჟავანაძე – “ადვოკატ რამიშვილის მობილურის ამოღება სრული უმსგავსობა იყო”

ნიკოლოზ მჟავანაძე - "ადვოკატ რამიშვილის მობილურის ამოღება სრული უმსგავსობა იყო"უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მიუღებლად მიიჩნევს პროკურატურის მიერ თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონის ამოღებას.

ამის შესახებ ის “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს.

ნიკოლოზ მჟავანაძე:

– ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატის მობილურის ამოღება იყო გაუგონარი რამ, სრული უმსგავსობა!

– სასამართლოს განჩინება გვქონდაო.

– იმ მოსამართლის კომპეტენციასა და მის ობიექტურობაში ჩნდება ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, ვინც ეს დააკმაყოფილა. ამ კონკრეტული მასალის გარდა, ადვოკატის ტელეფონში არის უამრავი კონფიდენციალური ინფორმაცია. ჩვენ, ადვოკატებს, ჟურნალისტებს, სასულიერო პირებს, გვაქვს უფლება, არ გავამჟღავნოთ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია. როდესაც შენ ამას ამსხვრევ, ამით ირღვევა მთელი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კანონით მონიჭებული უფლებები. შენ ამით ადვოკატის ამ პრივილეგიას, კანონით მინიჭებულ ამ უფლებებს ლახავ. ამით ადვოკატობის ინსტიტუტი ინგრევა.

ამით ამ ადვოკატის კლიენტები დაღუპულები არიან, ეს იგივეა, მღვდელი დაიბარო და აიძულო გითხრას, აღსარებაში რა უთხრა ამა თუ იმ პირმა, ან სულაც აღსარების დროს მიაყურადო.

– რატომ წავიდა ამაზე პროკურატურა?

– მიზანმიმართულად მიდის ადვოკატთა კორპუსის ჩამოშლა. ხვალ და ზეგ, თითოეული ადვოკატი იმის შიშში უნდა იყოს, რომ ხმა არ ამოიღოს, რადგან მას ასეთ რამეს გაუკეთებენ. საერთოდ რაღა აზრი ექნება ჩვენს მუშაობას, თუკი პროკურატურამ მომისმინა, კლიენტი რას მელაპარაკება. მე ამ პირობებში როგორ მოვახერხო მისი დაცვა?!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა