ღამის 2 საათი იყო, როცა ადა ლომთაძეს ვოლტის კურიერმა სახლში გამოძახებული საჭმელი მიუტანა.
„კარი როცა გავაღე, ამ ბიჭის პირველი რეაქცია იყო, რომ მომენტალურად თვალი გაუშტერდა ჩემს ბარძაყებზე. შორტი და თეთრი პერანგი მეცვა“, – უყვება ადა რადიო თავისუფლებას.
კურიერისწასვლიდან რამდენიმე წუთში ტელეფონზე შეტყობინება მიიღო. „სხვათაშორის ძალიან ლამაზად გამოიყურებითო“, – წერდა კაცი.
„მისი მზერიდან გამომდინარე, არც ერთი წამით არ ჩამითვლია, რომ გულწრფელი, უმანკო მონაწერი და ჯანსაღი კომპლიმენტი იყო“, – ამბობს ადა.
„სხვათა შორის, შემიძლია სამსახურის გარეშე დაგტოვო“, – უპასუხა ადამ.
„ეს იყო მუქარა, რომლითაც მინდოდა შემეშინებინა და აღარ გაებედა ჩემთან რაიმე მსგავსი. ამის სრული უფლება მქონდა. სხვა დროს, კომპლიმენტის თქმა თუ მოუნდებოდა ვინმესთვის, ეტყოდა ადგილზე და პასუხად გულწრფელ ღიმილს და მადლობას მიიღებდა“, – ამბობს ადა და განაგრძობს: „ღამის ორი საათია. დღეს SMS მომწერა, ხვალ მკითხავს, 10 წუთით ჩაიზე რომ შემოვიდე, შეიძლება?“
დილით ადამ ფეისბუკზე, ქალების დახურულ ჯგუფში, კურიერთან მიმოწერის სკრინშოტი დაპოსტა და იკითხა, მართლაც შეეძლო თუ არა კურიერის სამსახურის გარეშე დატოვება. ადას არ ჰქონია განზრახვა, ვოლტამდე მიეტანა ეს ამბავი და უბრალოდ აინტერესებდა, როგორ შეუძლია იმოქმედოს ასეთ დროს.
„იმ ბიჭმა სამსახური რომ დაკარგოს, თავს მე დამნაშავედ ვერ ვიგრძნობ. მე „ვოლტისთვის“ არ მიმიმართავს“, – ამბობს ადა.
რადიო თავისუფლება

