სოსო ჯაჭვლიანი “ოცნებიდან” წავიდა – “კალაძის ცოლისძა გიორგი არეშიძე შავი პიარით დამემუქრა”

სოსო ჯაჭვლიანი "ოცნებიდან" წავიდა - "კალაძის ცოლისძა გიორგი არეშიძე შავი პიარით დამემუქრა"მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი კახა კალაძის ცოლისძმას, გიორგი არეშიძეს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს. ჯაჭვლიანი ამბობს, რომ არეშიძემ მას ფედერაციიდან წასვლა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შავი პიარის აგორებით დაემუქრა.

როგორც სოსო ჯაჭვლიანი ამბობს, ის კახა კალაძესთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო. ჯაჭვლიანი მისი ოჯახის მიმართ მუქარაზეც საუბრობს.

“იმდენად გათავხედდნენ, რომ ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე დაიწყეს ნადირობა, მუქარების განხორციელება. ამიტომ დღეიდან ვაცხადებ საჯარო ბრძოლას ამ უნამუსო და დამნაშავეების წინააღმდეგ. ამავე დროს, მოვითხოვ ყველა ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც ღიად ადასტურებს ჩვენი ფედერაციის კანონიერ საქმიანობას, რომელიც ხელს უშლის დამნაშავეებს თავიანთი ბოროტი ზრახვების განხორციელებაში”- ამბობს სოსო ჯაჭვლიანი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “ღამის მთავარში”
სოსო ჯაჭვლიანი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესების სათავეში კახა კალაძე დგას.

ის იხსენებს, რომ მისი გამგეობის მდივანს ღამის 2 საათზე სახლში მიაკითხეს და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს, ხოლო სამართალდამცველებს ამ ყველაფერზე რეაგირება არ ჰქონიათ.

შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის შეხვედრა ხმაურით დასრულდა – სოსო ჯაჭვლიანს სხდომაზე წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს.

სოსო ჯაჭვლიანმა “ქართული ოცნება” დატოვა და ამის შესახებ განცხადება “მთავარი არხის” ეთერში გააკეთა. ჯაჭვლიანი ამბობს, რომ “რეჟიმი უნდა წავიდეს”

მთავარი