თედორაძეების ოჯახის 3 წევრს და მათ 2 სტუმარს ისევ ეძებენ – მაშველები სახლის ფრაგმენტებს პოულობენ

თედორაძეების ოჯახის 3 წევრს და მათ 2 სტუმარს ისევ ეძებენ - მაშველები სახლის ფრაგმენტებს პოულობენთითქმის 15 საათია, მაშველები ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილ მოქალაქეებს ეძებენ.

“კურიერის” კორესპონდენტის ინფორმაციით, ბოლო ერთი საათის განმავლობაში მაშველებს აქტიურად ხვდებათ სახლის სხვადასხვა ფრაგმენტები და საყოფაცხოვრებო ნივთები, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ძებნამ მალე შედეგი გამოიღოს.

ოჯახის ახლობლები აღნიშნავენ, რომ თედორაძეების სახლი დაბზარული იყო და მათ შესაბამისი გეოლოგიური დასკვნაც ჰქონდათ. მათი ინფორმაციით, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, თუმცა მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მათთვის არც ალტერნატიული ფართი შეუთავაზებიათ და არც მათი პრობლემით დაინტერესებულან.

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, ჯუმბერ ბათაძის განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოებში 100-ზე მეტი მეხანძრე მაშველია ჩართული. მისი თქმით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე, ერთდროულად, რამდენიმე მძიმე ტექნიკის შეყვანა ჭირს, ამიტომაც ძებნა გართულებულია, თუმცა, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭში უხვი ნალექით გამოწვეულმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, რომელშიც ოჯახის 3 წევრი იმყოფებოდა.

ასევე, მიწის მასამ გზაზე მდგომი მანქანა მოიყოლა, სადაც სტუმრად მყოფი 2 ახალგაზრდა იჯდა.

რუსთავი 2