“2.000 ლარით დაჯარიმებულ ქომაგს ჯარიმის გადახდა არ მოუწევს” – კახი კალაძე ბოდიშს იხდის

"2.000 ლარით დაჯარიმებულ ქომაგს ჯარიმის გადახდა არ მოუწევს" - კახი კალაძე ბოდიშს იხდისსაქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად თბილისის მერი კახი კალაძე ფეისბუქში მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა:

“სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა. გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს.

გუშინ ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია. ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით, ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას.

სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე. მივიღე მოსაწვევი, რომელიც დამატებით 3 პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.

აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!”