ფეისბუქში თ. სხირტლაძემ 28 წლის ექიმ თაზო თოდაძეზე დაწერა.
“თაზო თოდაძე მესამე წელია საჩხერის სამედიცინო ცენტრში ემერჯენსის ექიმად მუშაობს. კოვიდ ინტენსიურის განყოფილებაში ექიმად დღემდე მუშაობს. რაც დრო გადის, გამოცდილებასთან ერთად, მისი პაციენტების რიცხვიც მატულობს.
მე მეგობარი ვარ და ახალგაზრდა კაცის ენთუზიაზმის შესახებ ვიცი. ვიცი, თითოეული პაციენტის მდგომარეობას როგორ განიცდის. ვხედავ, რადიკალურად როგორ შეიცვალა მისი ცხოვრების წესი. მუდმივად გამოუძინებელია, ბევრჯერ მშიერი, ფიზიკურად და ემოციურად დაღლილი. საკუთარი ცხოვრებისთვის, არც დასვენებისთვის, დრო არ რჩება.
ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. პნევმონიით და სუნთქვის გაძნელებით რთულად იყო. დავურეკე და მოვიკითხე, ვეხუმრე, ახლა მაინც ხომ დაისვენებთქო… ნურას უკაცრავად, საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებთან იყო! შემცვლელის პოვნა ამ პირობებში ადვილი არ არის და პაციენტებს ვერ ვუღალატებო.
აი, ასეთი ექიმია თაზო – ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ერთი წლის წინ ტოკიოს ოლიმპიადაზე წასვლა და მოტორბოლა უხაროდა. წელს ყველაზე მეტად რა გიხარიათქო რომ ვკითხე, პაციენტს შემოსვლიდან მეორე დღეს დადებითი დინამიკა რომ აღენიშნებაო, მიპასუხა.
არ სიამოვნებს შექება, ალბათ ამ სტატიაზეც გამინაწყენდება. რომ ვეუბნები, გმირი ხარ-თქო, უარობს, ეს ჩემი არჩევანი და მოვალეობააო… კი ბატონო, პროფესიონალიზმი არაა მხოლოდ საკმარისი, ვიცი, რომ პანდემიის პირობებში ექიმები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გვემსახურებიან.
მხოლოდ კოვიდ პაციენტები არ ჰყავს თაზოს, აქეთ, სტაციონარის გარეთაც, მრავლად ვართ შეშინებული მეგობრები, მეგობრის მეგობრები, ახლობლები… მიკვირს, როგორ ახერხებს, ყურადღების მიღმა არავინ დარჩეს.
დიახ, ჩემი მეგობარი გმირია! მალე იუბილარია და მინდა აქედან მივულოცო. თაზო, ვამაყობთ შენით! აუცილებლად კარგად გეყოლება პაციენტები,
წახვალ ტოკიოში, დაისვენებ და იყიდი შენი ოცნების ბაიკს”.

