ია თინიკაშვილი – “ახლა ვდარდობ, რომ გზა-გზა მადლის შეგროვება შევწყვიტე…”

ია თინიკაშვილი - "ახლა ვდარდობ, რომ გზა-გზა მადლის შეგროვება შევწყვიტე..."19 ნოემბერს ია თინიკაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ახლა წვიმს, 2006 წლის 19 ნოემბერს დილით მოთოვა…
დღეს ყინწვისში უნდა წავსულიყავი, 14 წლის წინ, დღევანდელ დღეს წავიდა მამა შიო – არქიმანდრიტი, ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, გამორჩეული ადამიანობით და ბერული ცხოვრებით.
მუდმივად მიქადაგებდა, – სასოწარკვეთილებაში არასდროს ჩავარდე, წარმავალია ყველაფერი და დაღმართს აუცილებლად მოსდევს აღმართიო. ისე იცხოვრე, თითქოს იცი, რომ ბოლო დღეა და სიკეთე აკეთეო…
14 წელია, ვცდილობ, შევასრულო მისი რჩევა, თხოვნა თუ ანდერძი. ეგაა, ამ 14 წლის განმავლობაში პირველად, პანდემიის პირობებში, ბოლო რამდენიმე თვეა, ავტომაგისტრალზე ხელაწეულ მგზავრებს მანქანას ვეღარ ვუჩერებ კორონავირუსის შიშით, არადა, მოძღვარი სულ მეუბნებოდა – უფალს მიენდე და ყველას გაუჩერე – ქალსაც, კაცსაც, მთვრალსაც, დღისითაც და ღამითაცო, მძღოლი რომ ხარ, უფალი საშუალებას გაძლევს, გზა-გზაც აგროვო მადლიო…
კორონავირუსით მაინც დავინფიცირდი და ახლა ვდარდობ, რომ ბოლო თვეებში, გზა-გზა მადლის შეგროვება შევწყვიტე…”