ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3,9%-ით შემცირდა

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3,9%-ით შემცირდაოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბრის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.1%-ს შეადგენს.

„დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა. შესაბამისად, პირველი 10 თვის ვარდნის საშუალო მაჩვენებელია -5.1%-ია“, – აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე თქმით, კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა საფინანსო საქმიანობის გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა. გოგიტა თოდრაძის განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია შემცირება ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე მშენებლობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.

„რაც შეეხება ზრდის და კლების მიზეზებს, ხელოვნების გართობისა და დასვენების სექტორში კლების მიზეზად გვევლინება აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირება, ასევე სპორტის, გართობის, დასვენების და კულტურული ღონისძიების ორგანიზებით დაკავებული დაწესებულებების შემოსავლების კლება. საანგარიშო პერიოდში 16%-ით შემცირდა ღვინის ექსპორტი, 10%-ით, მინერალური წყლების და 33%-ით აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი. საფინანსო საქმიანობის სექტორში ზრდის ძირითადი მიზეზია კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა, რაც უკავშირდებოდა ფიზიკურ პირებზე გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობის ზრდას.

ამასთან, ოქტომბერში საქონლის ექსპორტი შემცირდა 2.2%-ით, ხოლო იმპორტი 23.5%-ით. მიმდინარე წლის 10 თვეში ექსპორტის მოცულობა შემცირებულია 11%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 17%-ით. ოქტომბერში ქვეყანაში 4046 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 4.4%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე,“-აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

იპნ