20 დეკემბერს, ზუგდიდში, დისტიბუციის მანქანით გაუჩინარებული მამაკაცი შალვა გულუა სახლში დაბრუნდა. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მამაკაცი პოლიციაში გამოცხადდა, ის გამოიკითხა და გაუჩინარების მიზეზებიც განმარტა.
შალვა გულუა აცხადებს, რომ დისტიბრუციის მანქანით ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა, შეეშინდა და მიიმალა.
ცნობისთვის, სოფელ ყულიშკარში, რამდენიმე დღის წინ, პურის დისტრიბუციის წითელი ფერის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნილი იპოვეს, რომელსაც ამავე სოფლის მკვიდრი შალვა გულუა მართავდა. გულუას ოჯახი აცხადებდა, რომ მათი შვილი რამდენიმე დღის წინ ავტომობილით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
მთავარის ინფორმაციით, გულუას ბიძა ადასტურებს, რომ გულუას უცხო პირებთან ჰქონდა დაპირისპირება, იყო რამდენიმე გასროლაც, თუმცა მისთვის უცნობია, ვინ იყვნენ ეს პირები. თავად გულუა, ახლობლების ინფორმაციით, ამბობს, რომ რამდენიმე ადამიანთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა მოტივს არ ასახელებს.
გარდა ამისა, ის კატეგორიულად უარყოფს ბადრი ესებუასთან კავშირს და მის გადაყვანას, ასევე პოლიციის მიერ სპეცოოპერაციის ჩატარებას.
საქმის მასალები ადვოკატს ჯერ არ გადასცემია, გულუა კი უწყებაში, სადაც თავადვე მივიდა, გამთენიამდე იკითხებოდა.
ოჯახი ამბობს, რომ ის არაა დაჭრილი და არც სხვა დაზიანებები აქვს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

