კახეთში 28 წლის ქალი მოკლეს, 36 წლის მამაკაცი კი დაჭრეს – დაკავებულია 48 წლის ჯ.ა. – ვიდეო

კახეთში 28 წლის ქალი მოკლეს, 36 წლის მამაკაცი კი დაჭრეს - დაკავებულია 48 წლის ჯ.ა. - ვიდეოთელავის მუნიციპალიტეტში, 28 წლის ქალი მოკლეს, კიდევ ერთი პირი კი დაჭრეს.

შემთხვევა სოფელ კისისხევში მოხდა.

ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცს კი დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი თელავში რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული და უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

მომხდარი ფაქტი, კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გახსნეს. გამოძიება 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ჯ.ა. დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თავის ნაცნობ მამაკაცს – 1984 წელს დაბადებულ ხ.ე.-ს და ამ უკანასკნელის თანმხლებ ქალს – 1992 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, ქალი კი, მიღებული ჭრილობების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.”