რუსთავში ცოტნე აღდგომელაძის განზრახ მკვლელობისთვის ვ.ზ-ს ბრალი წარუდგინეს

რუსთავში ცოტნე აღდგომელაძის განზრახ მკვლელობისთვის ვ.ზ-ს ბრალი წარუდგინესპროკურატურამ სოფელ ფოლადაანთკარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

თავდაპირველად, ბრალდებულს ბრალი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვისას მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და განსაცდელში მიტოვება ედებოდა, თუმცა, მას მოგვიანებით ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა.

პროკურატურის ცნობითვე, დაკავებული პირი საკუთარი ავტომანქანით გზაზე მიმავალ ერთ-ერთ პირს დაედევნა და შურისძიების მიზნით, მოკვლის განზრახვით მაღალი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი.

„საქართველოს პროკურატურამ, გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში 2020 წლის 21 დეკემბერს მომხდარი ცოტნე აღდგომელაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, ვ.ზ.-ს, რომელსაც ბრალი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვისას მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და განსაცდელში მიტოვება ედებოდა, ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

სამართალდამცველებმა ვ.ზ. 2020 წლის 22 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 128-ე მუხლი წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულების საფუძველზე დადგინდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, ვ.ზ.-მ შურისძიების მოტივით, ც.ა.-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, გარდაბნის რაიონის, სოფელ ფოლადაანთკარში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ვ.ზ.-სა და იაგო ჯიქურს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ გასაშველებლად კონფლიქტში იაგო ჯიქურს დისშვილი – ცოტნე აღდგომელაძე ჩაერთო. ვ.ზ.-მ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რაც კვლავ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ი.ჯ.-მ დისშვილს მოუწოდა იქაურობა დაეტოვებინა, რის შემდეგაც ც.ა. მოპედით მისი საცხოვრებელი სახლისკენ წავიდა. ვ.ზ. საკუთარი ავტომანქანით გზაზე მიმავალ ც.ა.-ს დაედევნა და შურისძიების მიზნით, მოკვლის განზრახვით მაღალი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი. მიღებული დაზიანებების შედეგად ც.ა. ადგილზე გარდაიცვალა.

ვ.ზ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.