“17 ადამიანი მიწას ამოაფარეს და თავს დამნაშავედაც არ გრძნობდნენ!” – ლიკა სიმონიშვილი

"17 ადამიანი მიწას ამოაფარეს და თავს დამნაშავედაც არ გრძნობდნენ!" - ლიკა სიმონიშვილიშატილში ტრაგიკულად დაღუპული 25 წლის დეა დევსურაშვილის დედამ,  ლიკა სიმონიშვილმა ტურისტული კომპანია „თრეველ ჯის“ დირექტორის და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრის დაკავების შესახებ ფეისბუქში დაწერა:

“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ეს ის ამბავია, როდესაც მთელი სამი თვის განმავლობაში საქმე მხოლოდ გარდაცვლილი მძღოლის წინააღმდეგ იყო აღძრული. თურმე სულ სხვანაირად ყოფილა საქმე! ნამდვილი დამნაშავენი კი ჩვეულებრივ აგრძელებდნენ ცხოვრებას.

ამათმა 17 ადამიანი მიწას ამოაფარეს და თავს დამნაშავედაც არ გრძნობდნენ! ამისთანა არაადამიანების ადგილი ციხეშია! მადლობა უფალს! ჩვენ უამრავ ადამიანს ავაცილებთ ისეთ სიმწარეს, როგორც მე გავმწარდი! კაიხანი იბოგინა ბოლოთაშვილმა და ატყუებდა ხალხს, კაიხანს ებრძოდნენ მას მოტყუებული ტურისტები, მაგრამ ამაოდ! თავის დროზე რომ შეეჩერებინა მართლმსაჯულებას ეს თაღლითი, შატილის ტრაგედია არ გვექნებოდა!

გილოცავთ ყველას, ვინც ამ ბრძოლაში თავგამოდებით მიიწევდით წინ. მადლობა პირველ არხს – გამომძიებელ რეპორტიორს! – მათმა გადაღებულმა ფილმმა ცხადყო რეალური მიზეზები ავტოკატასტროფისა!

მადლობა ადამიანის უფლებათა ცენტრს, რომელმაც უსასყიდლოდ დაგვინიშნა ადვოკატი და ბოლომდე მხარში გვიდგას! მადლობა ყველას, ვინც მცირედად მაინც დაგვეხმარა! ამჯერად ბოლოთაშვილ – გოგილაშვილის კოკამ წყალი აღარ მოიტანა!”