„ბიზნესი საკმაოდ დაჭრილია და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება,“ – ამის შესახებ „აისიარ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრას“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მანვე ისაუბრა იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც 8 თებერვალს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილა სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელმა. ხაზარაძის თქმით, ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა რეგულაციების შემსუბუქებას და კომენდანტის საათის გადაწევას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ტრანსპორტი ინფექციის ახალ კერად იქცეს.
„ორშაბათიდან ტრანსპორტიც გაიხსნა და ვთქვით, რომ რაღაც მომენტში ამ პროცესს როგორც ბიზნესი, ასევე მთავრობაც მოუმზადებელი შეხვდა. კომენდანტის საათის პირობებში, ფაქტობრივად 2 საათი აქვთ ადამიანებს სამსახურის შემდეგ სახლამდე ტრანსპორტირებისთვის. თუმცა, იმ ტრანსპორტით, რომელსაც ქვეყანა ფლობს, წარმოუდგენელია, 2 საათში რეგულაციების დაცვით მოხდეს ამ ადამიანების გატარება.
დღეს ჩემს პერსონალს ვთხოვე, გადაეღოთ სურათები, თუ რა ხდებოდა მათი ტრანსპორტირების პერიოდში. წარმოუდგენელია, რომ იქ რაიმე რეგულაციის დაცვა მოხდეს. ჩვენ პრემიერსაც ვუთხარით, რომ გაჩნდება ახალი კერა ტრანსპორტის სახით. არ გვინდა, იგივე სურათი მივიღოთ და 10 დღეში ან 2 კვირაში ისევ დასაკეტი გახდეს ჩვენი სფერო.
კომენდანტის საათის გადაწევა ეპიდემიოლოგთა ჯგუფს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, მაშინ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება გაგვიჭირდება და ტრანსპორტი გახდება ახალი კერა. ამ არგუმენტზე დაგვეთანხმა და გვითხრა, რომ უახლოეს პერიოდში დაგვიბრუნდება ამ საკითხზე გადაწყვეტილებით,“- აღნიშნა ხაზარაძემ.
ბიპიენი

