“მე ის ყურანზე არ დავაფიცე და სიტყვაზე ვენდე, რომ ჩვენებას ხელი ისე მოაწერა, არ წაუკითხავს” – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი, ტერორიზმის ხელშეწყობისათვის სასჯელმოხდილ ბაადურ ჩოფანაშვილზე.
ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
პანკისში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მიიჩნევს, რომ ყველა ჩვენება, რაც მისი შვილის საქმეს უკავშირდება, ზეწოლით არის მიღებული.
“ჩოფანაშვილი თანახმა იყო, დაეფიცებინა ყურანზე, რომ ჩვენება, რომელიც მე ახლა ხელში მიჭირავს, არ წაუკითხავს. მე არ დავაფიცებინე, ვუთხარი, რომ ეს სასჯელი იქნებოდა. გორნაკაშვილმა წაიკითხა, არ მოაწერა და მიუსაჯეს 13 წელი. ეს ამბობს, რომ ბევრ დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი, არც იცოდა მათი შინაარსი და არ იცნობდა თემირლანს. დავჯერდი სიტყვიერ დაფიცებას, რადგან ხელისუფლებამ ყველა ჩვენება ზეწოლით მოიპოვა. უნდა განახლდეს გამოძიება ხელახლა და ყველაფერი გაირკვეს”, – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თავად ბაადურ ჩოფანაშვილმა მედიასთან კონტაქტი არ ისურვა და შეხვედრის ადგილი კომენტარის გარეშე დატოვა.
ჩოფანაშვილი თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.
მას და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ 6 პირს, ჩატაევის ტერორისტული დაჯგუფებისათვის ხელშეწყობა ედებოდა ბრალად.
ჩოფანაშვილს სასამართლომ 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 3 წლის შემდეგ, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მალხაზ მაჩალიკაშვილის მტკიცებით, ჩოფანაშვილის აღიარებით ჩვენებას პანკისში 2017 წლის 26 დეკემბრის სპეცოპერაცია მოჰყვა, რაც მისი 19 წლის შვილის გარდაცვალებით დასრულდა.
მაჩალიკაშვილების ოჯახი, საქმის გამოძიებასა საქართველოში წლების მანძილზე უშედეგოდ ითხოვდა, რის შემდეგაც მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
მთავარი

