ნიკა გვარამია – “დავით ბერძენიშვილთან კონფლიქტი ამოწურულია”

ნიკა გვარამია - "დავით ბერძენიშვილთან კონფლიქტი ამოწურულია"ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“გუშინ, სოციალურ ქსელში, სამწუხარო ინციდენტი მოხდა მთავარ არხსა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერს, ბატონ David Berdzenishvili
შორის. ბატონი დავითიც გულმხურვალეა საკუთარი პარტიის პოზიციების დაცვაში და მეც – საკუთარი არხის და ჟურნალისტების ინტერესების. ეს აღმოჩნდა, ჩემი აზრით, ინციდენტის წინაპირობა.
არ დავიწყებ მტყუან-მართლის გარჩევას, არც იმის გარჩევას, ქალბატონი Khatuna Samnidze-ის გუშინ გამოთქმული პოზიცია რამდენად სწორად მიგვაჩნია (ამაზე გვაქვს ჩვენი აზრი, მისი დაფიქსირების უფლებასაც ვერავინ წაგვართმევს, რაც ვქენით კიდეც ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის და შეფასების ფორმების ფარგლებში, კორექტულობის სრული დაცვით). მნიშვნელობას მივანიჭებ მხოლოდ იმას, რომ ჩვენს არხს არაერთგზის დაუფიქსირებია საკუთარი უკიდურესად პოზიტიური დამოკიდებულება რესპუბლიკური პარტიის და მისი ლიდერების მიმართ და, რაც არ უნდა არ ვიზიარებდეთ მათ კონკრეტულ პოზიციას რომელიმე საკითხთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს პარტია მუდმივად რჩება ქართული პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს და უნიკალურ ნაწილად.
მთავარი არხი ინციდენტს ამოწურულად მიიჩნევს, კვლავ რჩება საკუთარი კეთილგანწყობილი პოზიციის ერთგულად რესპუბლიკური პარტიის მიმართ და წარმატებებს უსურვებს მას.”