თაკო ჩარკვიანის მიმართვას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ ქეთი დუმბაძემ ფეისბუქში ასე უპასუხა:
“ჩემო მეგობარო თაკო! გიდასტურებ სიყვარულსაც, მეგობრობასაც, პატივისცემას შენი და შენი ოჯახის, ჩვენი მამების მეგობრობის მიმართ.
მე არ მომიმართავს შენთვის მოწოდებით, როცა შოკისმომგვრელი კადრები ვიხილე – როცა პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი ფანჩატურში კანონდამრღვევებთან და უსამართლობის არქიტექტორებთან ერთად იჯექი. არ მოგმართე, რადგან ჩავთვალე, რომ ეს შენი გადაწყვეტილება და არჩევანია.
ჩემთვის ასმაგად სამწუხარო და გასაკვირია შენი დგომა იმ მხარეს, რომელიც არ არის სიმართლეზე დაფუძნებული, რომელიც წარსულის მძიმე ცოდვებითაა დამძიმებული; სადაც მიზანი ქაოსი, სახელმწიფოს ნგრევა, უთანასწორობა და კანონების ფეხზე დაკიდებაა.
და რა გამოდის – ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ მელია სახელმწიფოზე და კანონებზე მაღლა დავაყენო. ნუთუ ვერ ხვდება რისკენ მიბიძგებს, მან ხომ მშვენივრად იცის, რომ მელია შეგნებულად აქეზებს და უკანონობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, რითაც მიზანმიმართულად ქაოსისკენ მიმართულ ლოგიკას ამკვიდრებს.
შენი პასუხი მაინტერესებს, თაკო, რა პასუხი აქვს მელიას მათთვის, ვინც სამართლებლივ დევნაშია და ჯარიმებს იხდის? ვისაც სამაჯურები უკეთიათ? ვინც დღესაც საპატიმროშია?
რა ვქნათ, შერჩევითი სამართალი ვიქადაგოთ?!
და მთავარი – ნურავინ მასწავლის ნურც თანადგომას, ნურც შემწყნარებლობას, ნურც გვერდში დგომას და მითუმეტეს სამშობლოს სიყვარულსა და პატრიოტიზმს, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში სახელმწიფოს, კონსტიტუციისა და კანონების დაცვაში გამოიხატება!”

