ოლიკო ჟღენტი, რომელიც გურამ დოჩანაშვილის შვილის, ირაკლის, კურსელი გახლდათ, იხსენებს დოჩანაშვილების ოჯახურ ტრაგედიას.
„1990 წლის ზაფხული იდგა, თბილისიდან გასული ვიყავი. მოულოდნელად ხმა გავარდა, წყნეთში ირაკლი დოჩანაშვილი დაიღუპა ტრაგიკულად… ყველა ამ ფატალურ შემთხვევაზე ლაპარაკობდა… მაშინ თბილისში ჩასვლა ვერ შევძელი და მოგვიანებით, ერთი თვის შემდეგ გადავწყვიტე სამძიმარზე მისვლა, თუმცა, ისიც მითხრეს, რომ ნათელა სამძიმარს არ იღებსო… ( შვილის სიკვდილს ვერ აცნობიერებსო)…
კარი ნათელამ გამიღო, თითქოს ჩვეულებრივ შემხვდა, ღიმილით შემიპატიჟა, სახეზე საშინლად ფერმკრთალი ჩანდა, მოტეხილი, თვალებით სადღაც იყურებოდა… მომიკითხა… ჯგუფელებიც მოიკითხა, თან მაგრძნობინებდა, რომ, ყველაფერზე უნდა მელაპარაკა, გარდა ირაკლისა… ამ თემას არ უნდა შევხებოდით… უცებ მეუბნება, შედი, გურამი ნახეო… შესვლამდე ოთახის კარზე დააკაკუნა და გასძახა: “გურამ, ოლიკო მოვიდაო”… შევედი, სავარძელში იჯდა, პიჟამაში, ახალგაღვიძებული, უფრო სწორად უძინარი, სახეარეული, თვალები ჩაწითლებული…
იმ დროს თბილისში უკვე მძიმდებოდა პოლიტიკური სიტუაცია (1990 წლის შემოდგომა), მეც ძალაუნებურად ამ სიტუაციაზე ჩამოვუგდე ლაპარაკი… გურამი გამოცოცხლდა, რამდენიმე პიროვნებას შეეხო, მათ შორის ზვიადსაც, მის ყოფილ თანაკლასელს… მეგობრები ვიყავითო, კარგად ვიცი მისი ხასიათიო, წუხდა… ნერვიულობდა, ფორიაქობდა, კრიტიკულიც იყო, გაბრაზებულიც… აღელვებდა ზოგადად ის, რაც ხდებოდა…
უცებ საუბარი შეწყვიტა, შემომხედა შეშინებულმა, და აცახცახებული ხმით მეუბნება: „არ დამტოვოო, არ დამტოვოო, თვალებით მეუბნებოდა…” შევცბი, ვიფიქრე, რას ამბობს-მეთქი, მერე მივხვდი, რომ, ირაკლი გაახსენდა… პალატაში, სიკვდილის სარეცელზე მწოლიარე შვილი… ჯერ აქვითინდა, ატირდა, ძალიან უსუსური, უმწეო გახდა იმ წუთებში… ვეცადე სხვა რამეზე გადამეტანა მისი ყურადღება, ისევ ჩაერთო საუბარში, გამოცოცხლდა, ემოციური, მკაცრი შეფასებები ჰქონდა, მერე ისევ გაჩერდა, სადღაც წავიდა ფიქრებით, ისევ შემომხედა, თითქოს რაღაც დააშავაო და ამბობს: “თვალებით მთხოვდა, არ დამტოვოო…” და ისევ ატირდა ბავშვივით…. ვეღარ გავჩერდი და გამოვედი… ნათელას დავემშვიდობე, მივხვდი, რომ, ირაკლის შემდეგ მისი მთავარი საზრუნავი და მოსავლელი “ბავშვი”, ახლა გურამი იყო… დღემდე ასე იყო…
ასე მგონია, იმ საზარელი ტრაგედიიდან მოყოლებული, გურამს არ დაუტოვებია ირაკლი, მუდამ მასთან იყო, ოღონდ, სხვა, მის მიერ შექმნილ სამყაროში… ის თავის შვილთან იყო და ახლაც ერთად არიან…
დოჩანა!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები…
აღარ მინდა ნეკროლოგების წერა…“
ფორტუნა

