დავით ბაქრაძე – “გიგა ბოკერიას არ ვეთანხმები, ევროპული საქართველოდან წავედი”

დავით ბაქრაძე - "გიგა ბოკერიას არ ვეთანხმები, ევროპული საქართველოდან წავედი"დავით ბაქარძემ ფეისბუქში დაწერა:

„დღეს გაიმართება პარტია “ევროპული საქართველოს” ყრილობა, რომელზეც აირჩევენ პარტიის ახალ ხელმძღვანელობას. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო მიზეზი, რის გამოც არ ვესწრები ყრილობას, უარს ვამბობ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეობაზე და პარტიის წევრობაზე.

მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან 2020 საპარლამენტო არჩევნების უხეში და დაუფარავი გაყალბებისა, “ევროპული საქართველოს” მიერ ნაჩვენები შედეგი ძალიან შორს იდგა სასურველისგან – წინა არჩევნებთან შედარებით მიღებული ხმების მნიშვნელოვანი კლება და დიდ ქალაქებში (პირველ რიგში, თბილისში) ნაჩვენები უკიდურესად ცუდი შედეგი მკაფიო ნიშანია, რომ პარტია საჭიროებს ფუნდამენტურ სიახლეებს და რეფორმებს, მათ შორის, ლიდერების გუნდის მთლიან განახლებას, ახალი სახეების წინ წამოწევას და სხვა პარტიებთან ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებში ჩართვას.

სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, აღარ დავრჩენილიყავი თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამით გზა გამეხსნა პარტიაში ახალი ლიდერების დამკვიდრებისთვის.

ანალოგიური პოზიცია აქვთ გიგი უგულავას და ლიდერების გუნდის მნიშვნელოვან ნაწილსაც. განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო მისი დარჩენა პარტიულ თანამდებობაზე.

ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს.

სწორედ ამიტომ, რადგან არ ხდება პარტიის ფუნდამენტურად განახლება – რაშიც მზად ვიყავი, თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, უკვე რიგითი წევრის სტატუსით დავხმარებოდი პარტიას – მივიღე გადაწყვეტილება, თავმჯდომარეობასთან ერთად უარი ვთქვა პარტიის წევრობაზეც.

ამ ეტაპზე არ ვაპირებ რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას და “ევროპული საქართველოდან” წასვლის შემდეგ ვიღებ პარტიულ პაუზას. მაგრამ ვრჩები პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში”.