წვევამდელების მიმართ არადამიანური მოპყრობის საქმეში პოლიციის კიდევ ერთი ოფიცერი ფიგურირებდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მესამე პირი, რომელიც უკვე ცოცხალი აღარ არის, პოლიციის ოფიცერი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის მკვიდრი, 45 წლის მერაბ ბარბაქაძეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბარბაქაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაახლოებით, ერთი თვის წინ დაასრულა. მან თავი სამსახურებრივი იარაღით საკუთარ ეზოში, უცნობი პირის სატელეფონო ზარის შემდეგ მოიკლა. ოჯახის წევრები საქმეში ბარბაქაძის მონაწილეობას გამორიცხავენ და არც თვითმკვლელობის ვერსიის სჯერათ.
გარდაცვლილის მამა გურამ ბარბაქაძე ამბობს, რომ მისი შვილი საქმეზე გამოკითხული იყო.
– ის რამდენჯერმე გამოკითხეს და არავითარი ბრალი არ მიუძღოდა. ადგილზე, სადაც თითქოს თვითმკვლელობა მოხდა, არც მასრაა ნაპოვნი და არც არაფერი. დაკრძალვაზე ჩამოსულები იყვნენ მისი ხელმძღვანელები, რომლებმაც გვითხრეს, რომ მას დანაშაული არ მიუძღვის. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს სულაც არ იყო თვითმკვლელობა, – ამბობს გურამ ბარბაქაძე.
გამოძიება ბარბაქაძის თვითმკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს.
წვევამდელების მიმართ არადამიანური მოპყრობის ფაქტზე კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, შსს ობიექტების დავცის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი 21 აპრილს დააკავა
გამოძიების მტკიცებით, ორმა ოფიცერმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ,კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები გამოიყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333- ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
პრაიმ ტაიმი

