მინდია გოგოჭურს სასტუმრო “პარაგრაფში” ჩხუბისთვის 4 წელი მიესაჯა

მინდია გოგოჭურს სასტუმრო "პარაგრაფში" ჩხუბისთვის 4 წელი მიესაჯასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, ძალადობაში, პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ ცნო.

2020 წლის 18 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, შეკვეთილის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფში“ მ.გ.-ს შელაპარაკება მოუვიდა გ.ბ.-სთან, რის გამოც განაწყენებულმა მ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ფიზიკური ძალადობა განახორციელა გ.ბ.-ს მიმართ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მ.გ. 2020 წლის 19 ივლისს ქ.ბათუმში დააკავეს. დაკავებისას მ.გ.-მ წინააღმდეგობა გაუწია მის დასაკავებლად მისულ შსს -ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს პ.ხ.-ს, მ.გ.-ს, ს.ს.-ს და ზ.მ.-ს და  სახის არეში ზ.მ.-ს დაზიანება მიაყენა.

მ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მაკაროვის მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღი და 5 ვაზნა, ასევე დიდი ოდენობით 0, 648 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.