“ნებისმიერ დეპუტატს ამ მინისტრს გავუცვლი ჩემს 2 ოთახიან ბინას” – ჭიათურის ყველა მაღარო გაიფიცა

"ნებისმიერ დეპუტატს ამ მინისტრს გავუცვლი ჩემს 2 ოთახიან ბინას" - ჭიათურის ყველა მაღარო გაიფიცაჭიათურაში არსებული 13-ვე მაღარო გაჩერებულია. “ჯორჯიან მანგანეზის” 3. 700 თანამშრომელი დღეიდან, 23 აპრილიდან სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობს და მერიასთან აქციას მართავს. ისინი ამბობენ, რომ მძიმე სამუშაოს შესრულება მიზერულ თანხად უწევთ და ანაზღაურებას 50%-ით გაზრდას ითხოვენ. ​

– ჯოჯოხეთში შევდივართ, სამოთხეში გამოვდივართ, 20 წელი გახდა, რაც ვმუშაობ, 20 წელია, რაც ვებრძვი ამ კომპანიას, არაფერი მოგვარებულა ამ ხნის განმავლობაში, – თქვა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

_ ათი კაციც რომ დარჩეს გაფიცულთა შორის, გაგრძელდება აქცია ბოლომდე, სანამ არ მივაღწევთ სასურველ შედეგს. ამ ხელფასით თუ შეიძლებს 2 ან 4  სულიანი ოჯახის ცხოვრებას, რომელიმე პარლამენტარი ან მთავრობის წევრი ამ ხელფასით თავის ცოლ-შვილს თუ აცხოვრებს და აცოცხლებს, შემიძლია თამამად გავუცვალო და ჩემი 2 ოთახიანი ბინა დავუთმო, _ განაცხადა მეორემ.

გაფიცული მაღაროელები “ჯორჯიან მანგანეზის” შეთავაზებას 250 ლარით ხელფასის გაზრდოს შესახებ არ თანხმდებიან.

ისინი ამბობენ, რომ ეს თანხა არასაკმარისია და გაფიცვის გაგრძელებას აპირებენ.