ნიკოლოზ რაჭველი – “მასპინძლობის ადათი საქართველოში არასდროს ვრცელდებოდა დამპყრობლებსა და მტრებზე!”

ნიკოლოზ რაჭველი - "მასპინძლობის ადათი საქართველოში არასდროს ვრცელდებოდა დამპყრობლებსა და მტრებზე!"ნიკოლოზ რაჭველმა ფეისბუქში დაწერა:

“მახსოვს, წლების წინ, საკმაოდ დიდი ხნის უკან მართლაც რომ უდიდესი მუსიკოსის და მსოფლიო მოქალაქის იური ბაშმეტის კონცერტის დროს, რომელიც თბილისის კონსერვატორიაში მიმდინარეობდა, გარეთ საპროტესტო განწყობით მოსულმა მოქალაქეებმა დიდი ხმაური გამოიწვიეს, ხმა დარბაზშიც შედიოდა, რამაც ხელი შეუშალა გია ყანჩელის ჩუმი და გარინდებებით სავსე ნაწარმოების შესრულებას.

მაშინ ორაზროვანი განცდა მქონდა, ერთის მხრივ მინდოდა კონცერტს და ნაწარმოების პრემიერას მაღალ დონეზე ჩაევლო და მეორეს მხრივ ბოლომდე ვუთანაგრძნობდი პროტესტის შინაარსს, რომელიც გამოწვეული იყო მანამდე ბაშმეტის მიერ აფხაზეთში საგასტროლო მოგზაურობისა და სოხუმში ფესტივალის დაარსების ამბების გახმაურებით, რამაც ჩვენამდეც მოაღწია და ძალიან დაგვწყვიტა გული.
ჰოდა, არც ბაშმეტს უნდა წყინდეს მისადმი გამოხატული პროტესტი საქართველოში და მითუმეტეს პოზნერს, რომელსაც არც ამერიკის პასპორტი უშველის და არც ქართული ხელოვნებისადმი რევერანსები.
სტუმართმოყვარეობის და მასპინძლობის ადათი საქართველოში არასდროს ვრცელდებოდა დამპყრობლებსა და მტრებზე! უბრალოდ ვისურვებდი საქმე აქამდე არ მისულიყო და მათ, ვისთანაც ლოჯისტიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსი “ტურისტების” საქართველოში ვიზიტის ორგანიზატორები, მინიმუმ რეგულაციებისა და კომენდატი საათის მომიზეზებით თავაზიანად ეთქვათ უარი წვეულების თბილისში გამართვაზე.

ეს იქნებოდა გონივრული პრევენცია. ახლა კი რაც ხდება ყველამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, სტუმრებმაც და უშუალოდ მათმა მასპინძლებმაც, საქართველოს სასაზღვრო ორგანიზაციების ჩათვლით! ხოლო ის, თუ რას იფიქრებენ ჩვენზე მე აღარ მაღელვებს, რადგან უფრო მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ჩვენზე გერმანია, ჰოლანდია, ბელგია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ამერიკა, იაპონია და პორტუგალია…”