“მეუფე საბა გიგიბერიას 12 წლის დისშვილი დააბეს და ფულის ტომრების ადგილსამყოფელს ეკითხებოდნენ”

"მეუფე საბა გიგიბერიას 12 წლის დისშვილი დააბეს და ფულის ტომრების ადგილსამყოფელს ეკითხებოდნენ"კურიერისთვის ცნობილი გახდა სენაკში მომხდარი გახმაურებული ყაჩაღობის დეტალები.

საქმე ეხება სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას, რომლის სახლშიც ყაჩაღები ფულით სავსე ტომრებს ეძებდნენ. თავდამსხმელებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ, რომელიც ამავე დროს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეა, სახლში დიდი ოდენობით თანხა მიიტანა.

გასული წლის აგვისტოში მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას ოჯახზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი და სავარაუდოდ, შეკვეთილი კრიმინალური ქმედება იყო.

თავდამსხმელებმა ხელ-ფეხი თოკებით შეუკრეს სასულიერო პირის დას, 90 წლის დედას, 12 წლის დისშვილს და დამხმარე ქალს. ერთ-ერთი ბრალდებული, 70 წლის რობერტ გოდერიძე, იმ ეპარქიის მცხოვრებია, რომელსაც მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს, მისი შვილი კი წარსულში ეპარქიაში მსახურობდა.

მიტროპოლიტის 12 წლის დისშვილის ჩვენების მიხედვით, ის თავდამსხმელებმა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დააბეს და სთხოვდნენ ეღიარებინა, სად ინახავდა მღვდელმთავარი ფულით სავსე ტომრებს.

საქმეში მიტროპოლიტის განმარტება დევს, სადაც ფულით სავსე ტომრების მის სახლში არსებობას უარყოფს.

“სახლში არავითარი ორი ჩანთა, თუ პარკი არ მიმიტანია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შევძლებდი ორი ჩანთისა, თუ პარკის ხელში დაჭერას. თავდასხმის დღეს, როგორც ჩვეულებრივ, სახლში ჩემი ოთახის კარი გასაღებით მქონდა ჩაკეტილი, როდესაც სახლში დავბრუნდი, კარი ისევ ჩაკეტილი დამხვდა და მე გავაღე. ჩემს ოთახში არცერთი თავდამსხმელი არ შესულა,”- ნათქვამია ჩვენებაში.

მსჯავრდებულის ადვოკატი საქმეს გაყალბებულს უწოდებს. რობერტ გოდერიძის ინტერესების დამცველი 9 წლიან განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.