ნამოხვანში გაუჩინარებული ნიკა ანთაძის ცხედარი იპოვეს

ნამოხვანში გაუჩინარებული ნიკა ანთაძის ცხედარი იპოვესშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის, ნიკა ანთაძის ცხედარი იპოვეს.

უწყების ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია.

საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა.

ნიკა ანთაძე რუსთავიდან იყო. მას დედა გარდაეცვალა, მამა კი ამერიკაში ემიგრანტია.

მამაკაცი რუსთავში ბებიასთან ერთად ცხოვრობდა.

ნიკა ანთაძე ნამოხვანში “ნამოხვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა. 10 აპრილს მან ტელეფონი ერთ-ერთ აქტივისტს დაუტოვა და დაუბარა, რომ მისი მეგობრისთვის გადაეცა, რის შემდეგაც ადიდებულ მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.

რამდენიმე დღის წინ ნიკა ანთაძის ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ ანთაძის ბოლო მესიჯი გაასაჯაროვა:

„ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ეს არავის ბრალია, ეს უფლის ნებაა. მა, არ ინერვიულო, სიგიჟემდე მიყვარხარ და იქითა ცხოვრებაში გნახავ. მთელ ჩემ სანათესაოს, საახლობლოს, სანაცნობოს ვეფერები დიდი სიყვარულით. ცოტა გავითიშე, მარტო ერთ რაღაცაზე ვფიქრობ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მე ქრისტიანი კაცი ვარ. მთავრობას სირცხვილი. გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ. უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს“.