გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო 1 ეპიზოდში

გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო 1 ეპიზოდშიმსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა, რომელიც ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. რეანომობილის საქმეზე, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებას გულისხმობს, უდანაშაულოდ ცნო.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გიორგანაშვილის ადვოკატმა შოთა კახიძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

„დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გამამართლებელი განაჩენი და გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) უდანაშაულოდ ცნო.

საქართველოს გენერალური პროკურატურამ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი დასდო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას“, – განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, გიორგი გიორგანაშვილი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტზე უკვე მსჯავრდებულია. მას 8-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. შესაბამისად, ის პატიმრობაში რჩება.

იპნ