გლდანში სამარშრუტოები გაიფიცნენ

გლდანში სამარშრუტოები გაიფიცნენ“სასწრაფოდ მოვითხოვთ ყვითელი სამარშუტო ტაქსების პირად საკუთრებაში გადმოცემას” – სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ყვითელი სამარშუტო ტაქსები საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ, თუმცა აღარ გადასცემენ.

დღეს მძღოლების ნაწილი გლდანში მეტრო ახმეტელთან შეიკრიბა. ისინი ხელფასის მომატებასაც მოითხოვენ.

– ლურჯი მიკროავტობუსების შემოსვლის შემდეგ ძალიან კაბალური პირობებია, დაბალი ხელფასები, მძღოლის სრული დაუფასებლობა. ჩვენი მოთხოვნაა, რაც შეიძლება მალე გადმოგვცენ საკუთრებაში ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, რომლებზეც დიდი თანხები გვაქვს გადახდილი. შვიდის მაგივრად, ცხრა წელი ვიხადეთ და კიდევ არ არის ჩვენს საკუთრებაში გადმოსული.

მეორე არის მძღოლის სათანადო ანაზღაურება, მძღოლების დაზღვევას, დაზღვევის გადახედვას არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ მანქანის დაზღვევის. 500-ლარიანი „ფრანჩიზა“ რომ დააკისრეს მძღოლებს, ესენი უნდა გაუქმდეს აუცილებლად. ყვითელ მიკროავტობუსზე აღარ ვმუშაობ, რადგან ჩანაცვლდა ლურჯით. ჩემი ნებით წამოვედი. ოთხი თვეა, აღარ ვმუშაობ ყვითელ მიკროავტობუსზე.

ყვითელი მიკროავტობუსის შემთხვევაში, აბსოლუტურად ყველაფერს უზრუნველვყოფდით ჩვენ. მანქანის ცვეთას, საბურავი იქნებოდა თუ ძრავი, ყველაფერს. მოიჯარე ვინც ვიყავით, ვიხდიდით საგადასახადოს შემოსავლების სამსახურში, ყოველდღიურად შეგვქონდა დაწესებული გეგმა. ლურჯის შემთხვევაში, თვითონ რიცხავენ ხელფასს, საბარათე სისტემაზე გადავიდა მთლიანად. ტექნიკური უზრუნველყოფა, ლურჯის შემთხვევაში, კომპანიის ვალდებულებაა, ოღონდ იყო შემთხვევები, როცა წვრილმან დაზიანებებზე ავალდებულებენ მძღოლს, – განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა, ავთანდილ კაკიაშვილმა.