ოზურგეთში მცხოვრებმა ბავშვობის მეგობრებმა, მორაგბე ლაშა ხმელიძემ და გიორგი მდინარაძემ საერთო ბიზნესის შექმნა გადაწყვიტეს. მათ მიტანის სერვისი გააკეთეს და „არიქა“ დაარქვეს.
„პრაიმტაიმს“ გიორგი მდინარაძე ესაუბრა:
– დიდი ხანია არაა, სულ ორი თვეა, რაც მიტანის სერვისი გავაკეთეთ ოზურგეთში და პირველივე დღეებიდან საკმაო პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ოზურგეთში, არამედ – სოფლებშიც. გვყავს მოპედიც, ავტომობილებიც, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ცხენით მიტანაც ჩაგვერთო და ამანაც ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მომსახურებაც არაა ძვირი. ოზურგეთში 3 ლარი ღირს მიტანა, სოფლებში 5 ლარი და შესაძლოა, ცოტა მეტიც – მანძილს გააჩნია. ახლა ზაფხულია, უკვე დაიწყეს დამსვენებლებმა ჩამოსვლა და საქმეც მოგვემატა.
ცხენი თავიდან სატესტო რეჟიმში ჩავრთეთ, გავიარეთ ქალაქში და ხალხს მოეწონა, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც გვირეკავს და გვეუბნება, რომ ცხენით მივუტანოთ სასურველი პროდუქტი, რადგან ეგზოტიკურადაც მიაჩნიათ და თანაც – ბავშვებს სურთ ცხენის ახლოდან ნახვა. თუმცა, ცხენით ტორტსა და მსგავს პროდუქტს, რომელსაც ფაქიზად მოპყრობა უნდა, ვერ მივიტანთ.
ბევრი კურიოზიც ხდება. რამდენიმე ხნის წინ ქალმა 5 შეფუთვა კრუასანი შეგვიკვეთა. დავიბენით და 5 ცალის ნაცვლად 5 ყუთი კრუასანი მივუტანეთ. ცოტა კი შეცბა ქალი, მაგრამ სამაგიეროდ, ბავშვებს გაუხარდათ. არ გაგვიბრაზდა დამკვეთი, დაიტოვა კრუასანები და მერე მთელ უბანს გაუმასპინძლდა თურმე. დღეს კიდევ დაგვირეკეს და ცხვარი და „ოციანი“ მოგვიტანეთ, ოღონდ – ცხენითო, გვთხოვეს. რა თქმა უნდა, გაგვეხუმრნენ და მეც ვუთხარი – ცხენი საბალახოდ მყავს და ვერ მოგიტანთ-მეთქი.
პრაიმ ტაიმი

