საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებსსაქართველოს საპატრიარქო სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს ეხება.

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საზოგადოეაბსთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ.

ამასთან, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული ბავშვის უფლება და უზრუნველყოფილი მიუმხრობელი და მათზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რათა არ მოხდეს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა ტრამვირება და, მეორე მხრივ, მათი გამოყენება ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისათვის.

სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ ისეთი ქმედების განხორციელება, რომლითაც ისინი დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უზრუნველყოფენ ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ან რეინტეგრაცია) გადაყვანას.