26 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას ადვოკატი, ლაშა შუკაკიძე პენიტენციურ დაწესებულებას დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებს.
„დაახლოებით, ერთი კვირის წინ შემატყობინეს, რომ ბესიკ თორდუა გადაიყვანეს რეამინაციულ განყოფილებაში. რამდენიმე დღის წინ მოვინახულე, შეერთებული იყო აპარატზე, გავესაუბრე ექიმს და მან განაცხადა, რომ თორდუას ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და თავის არეში ჰქონდა დიდი რაოდენობით სისხლი. რაც შეეხება დანარჩენს, რა მოხდა და რამ გამოიწვია ეს ფაქტი, ამაზე ჯერ ინფორმაცია არ მაქვს.
მას თავიდან არანაირი ჩივილი არ ჰქონდა, როდესაც მას ვესაუბრე, ჩვეულებრივ მდგომარეობაში იყო. რაც შეეხება ექიმის განმარტებას, როდესაც თორდუა კლინიკაში მიიყვანეს, ის კონტაქტური იყო, და უბრალოდ გაბრუებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც გამოიწვია თავში დიდი რაოდენობით სისხლმა, რის შედეგადაც ჩაუტარდა მას ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ იყო კომატოზურ მდგომარეობაში. გუშინ შემატყობინეს, რომ გარდაიცვალა საღამოს საათებში. აპარატზე იყო შეერთებული, ალბათ, საავადმყოფომ, კონსილიუმმა გადაწყვიტა აპარატიდან გამორთვა.
დღეს ვაპირებ, რომ გამოვითხოვო დოკუმენტები, დავიწყო აღნიშნული საქმის შესწავლა და ექსპერტიზა ალბათ, სამხარაულში ჩაუტარდება“, – განაცხადა შუკაკიძემ.
კითხვაზე, პენიტენციურ დაწესებულებაში ხომ არ განხორციელდა მასზე ძალადობა, ადვოკატი აცხადებს, რომ „ჯერ ვერაფერს გამორიცხავს, ვინაიდან არ იცის რა მოხდა”.
“ძალადობა და მსგავსი რამე არ ხორციელდებოდა, მაგრამ ვინაიდან მე დაზუსტებით არც ერთი ინფორმაცია არ მაქვს, ვერც ერთ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ და ვერ უარვყოფ.
თორდუას ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემა არ ჰქონდა, რომელზეც ჩემთან ისაუბრებდა, თავს ჩვეულებრივ, კარგად გრძნობდა. ბოლოს სასამართლო ჰქონდა და სასამართლოზე ჩვეულებრივად ჩაერთო. ყველაზე მინიმუმ მიმაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში ვინაიდან თავში დიდი რაოდენობით სისხლი იყო და თუ ექსპერტიზა იტყვის, რომ ეს იყო გაჟონვა, მიმაჩნია, რომ ყველაზე ცოტა სასჯელაღსრულებამ რეაგირება დააგვიანა, რამაც შესაძლოა, გარდაცვალება გამოიწვია“, – აცხადებს შუკაკიძე.
იპნ

