ჩუმლაყში მკვლელობის საქმეში ბრალდებული ალექსანდრე ტურიაშვილი გირაოთი გამოუშვეს

ჩუმლაყში მკვლელობის საქმეში ბრალდებული ალექსანდრე ტურიაშვილი გირაოთი გამოუშვეს„მკვლელობისა და სამი პირის დაჭრის ფაქტი, შურისძიებას უკავშირდება“ – ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის შემდეგ დაკავებული პირების ადვოკატმა განაცხადა.

მომხდარ ფაქტზე ბრალდებული ორი პირიდან, ერთ – ერთი, სასამართლომ ოთხი თვის გასვლის შემდეგ, გირაოთი გაათავისუფლა.

დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ, ალექსანდრე ტურიაშვილს, სამი ათას ლარიანი გირაოს გარდა,  საზღვრის გადაკვეთა, მოწმეებთან კონტაქტი და საცხოვრებელი ადგილის დატოვება აეკრძალა.

ბრალდებულის ადვოკატის, ილია ოთარაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, გამოძიებასთან ითანამშრომლა.

„მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და რისკები, რომ მისი გარეთ ყოფნა, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას ხელს შეუშლის, არ არსებობს. ტურიაშვილი აღიარებს დანაშაულს და გრძნობს პასუხისმგებლობას. რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობასა და ში პირის დაჭრას, მომხდარი შურისძიებას უკავშირდება, თუმცა, არა 15 წლის წინ მომხდარ მკვლელობას. საკუთარ დანაშაულს მკვლელობაში ბრალდებული, ჯუანშერ ტურიაშვილიც აღიარებს“, – განაცხადა ოთარაშვილმა.

მკვლელობისა და სამი პირის დაჭრის ფაქტი, სოფელ ჩუმლაყში, 2021 წლის 25 მარტს მოხდა.

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადურაშვილის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს.

საჭესთან მყოფი 42 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. თავად ბადუაშვილი და კიდევ ორი პირი, სხვადასხვა დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე, პროკურატურამ ბრალი, სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ ორ პირს, ალექსანდრე და ჯუანშერ ტურიაშვილებს წაუყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 109- ე, 19, 109-ე, 236-ე და 376- ე მუხლებით მიმდინარეობს.

მოგვიანებით, კრიმინალური ავტორიტეტი, წარსულში მკვლელობისათვის ნასამართლევი მალხაზ ბადუაშვილი  სამართალდამცავებმა, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა – შენახვისათვის დააკავეს.

პრაიმ ტაიმი