35 წლის მამაკაცი ერთი გასროლის შედეგად გარდაიცვალა – შემთხვევა გლდანის მეორე მიკრორაიონში მოხდა.
პოლიციამ შემთხვევის თვითმხილველები უკვე გამოკითხა.
“კურიერი” ასევე ესაუბრა ქალს, რომელმაც მამაკაცს გარდაცვალებამდე პირველი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. ის ამბობს, რომ მოასწრეს სასწრაფოს გამოძახება, ის დროულად მოვიდა, თუმცა მამაკაცი სისხლისგან იყო დაცლილი და ადგილზევე გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, მათ წინასწარ ხმაური არ გაუგიათ, იყო მხოლოდ ერთი ზარი სატელეფონო და შემდეგ ერთი გასროლის ხმა.
არც მოკლულს და არც დამნაშავეს უბანში არავინ იცნობს.
“ერთი ნასროლი ჰქონდა, სისხლისგან იცლებოდა და მერე გაცივდა საწყალი. ვერაფერი ვერ თქვა, აქ რომ ესროლეს, იქ წავიდა, მანქანასთან მივიდა და წაიქცა. ვერ მოასწრო მანქანაში ჩაჯდომა. არაფერი არ ვიცით, ვინ არის, რატომ მოვიდა აქ,” – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ადგილობრივმა თქვა:
„მაღაზიაში ვიყავი, სროლის ხმა გავიგე. ვიფიქრე, ბავშვები არიან, ან დაბადების დღეა-თქო, გამოვედი მაღაზიიდან და მანქანასთან დავინახე გარდაცვლილი. 30-35 წლის მამაკაცი იქნებოდა, არ ვიცი ვინ არის, ამ უბნელი არაა და არც ვიცნობთ. ქუჩაში არავინ იყო. ყველა ჩემს ყვირილზე გამოვიდა. კონფლიქტის ხმა არ გაგვიგია. გასროლილი ტყვია მანქანასაც მოხვდა. მგონი, გაიარა და ისე ესროლეს“.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საცოლის ძმამ მოკლა.
მკვლელობა 14 ივლისს დაახლოებით ღამის 22:00 საათზე მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

